ვასაძე აკაკი ალექსის ძე

აკაკი ვასაძე

ვასაძე აკაკი ალექსის ძე [25. VII (6. VIII). 1899, ქუთაისი, – 23. III. 1978, თბილისი], მსახიობი და რეჟისორი, ახ. ქართ. თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი და საზ. მოღვაწე. საქართვ. (1934) და სსრკ (1936) სახ. არტისტი, შოთა რუსთაველის პრემიის (1975), სტალინური პრემიების (1942, 1946, 1951) და საქართვ. სახელმწ. პრემიის (1975) ლაურეატი. 1917 ქუთაისის თეატრში მუშაობდა მხატვარ-დეკორატორად, იქვე გამოვიდა პირველად სცენაზე. 1918–20 სწავლობდა თბილისში, ა. ჯაბადარის დრამ. სტუდიაში. 1920–58 იყო თბილ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრის წამყვანი მსახიობი (1935–55 – სამხატვრო ხელმძღვანელი), 1958–68 – ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. სახელმწ. დრამ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1969-იდან მოღვაწეობდა რუსთავის სახელმწ. დრამ. თეატრში, ხოლო 1975-იდან – თბილ. კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. თეატრში. ვ. ფართო შემოქმედებითი დიაპაზონის მსახიობი იყო. მაღალი ოსტატობით ქმნიდა როგორც ტრაგიკულ, ისე კომიკურ სახეებს, აღიარებული იყო როგორც ბრწყინვალე აქტიორული ტექ. და დიდი შესაძლებლობების მქონე შემოქმედი, გამოირჩეოდა თამაშის თავისებური სტილითა და გარდასახვის უდიდესი უნარით. ვ-მ გამორჩეული სცენური სახეებით გაამდიდრა ქართ. თეატრის ისტორია. როლები: რუსთაველის თეატრში – მენგო (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო”), ახმა (ს. შანშიაშვილის „ანზორი”), ფრანც მოორი (ფ. შილერის „ყაჩაღები”), იაგო (უ. შექსპირის „ოტელო”), კიკვიძე (ვ. დარასელის „კიკვიძე”, მისივე დადგმა, სტალინური პრემია, 1942), დარისპანი („შემოდგომის აზნაურები”, დ. კლდიაშვილის მიხედვით), სვიმონ ლიონიძე (დ. ერისთავის „სამშობლო”), შუისკი (ა. სოლოვიოვის „დიდი ხელმწიფე”, მისივე დადგმა, სტალინური პრემია, 1946), პეპია (ი. ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი”), აბდულ სადიქი (ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები”, მისივე დადგმა, სტალინური პრემია, 1951) და სხვ.; ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. თეატრში – ყვარყვარე (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი”), რიჩარდ III (უ. შექსპირის „რიჩარდ მესამე”), ნერონი (ლ. სანიკიძის „ნერონი”) და სხვ.; რუსთავის თეატრში – ისიდორე (ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა”), მეფე ლირი (უ. შექსპირის „მეფე ლირი”, შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემია, 1975), მაესტრო (ს. კვარონსკის „მაესტრო”), გიორგი (თ. ჭიკაძის „სურათები საოჯახო ალბომიდან”) და სხვ.; კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში – პასტორი მანდერსი (ჰ. იბსენის „მოჩვენებანი”). 1926-იდან ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას. მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ს. შანშიაშვილის „არსენა”, დ. ერისთავის „სამშობლო”, ჟ. პ. სარტრის „ედმონდ კინი”, ი. ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი” და სხვ. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართ. კინოხელოვნ. განვითარებაშიც. როლები: გირგოლა („მამის მკვლელი”, 1923), პლატონი („სამანიშვილის დედინაცვალი”, 1926), გარდუფხანი („ძინა ძაძუ”, 1926), შაჰ-აბასი („გიორგი სააკაძე”, 1942–43; სსრკ სახელმწ. პრემია, 1946), მამასახლისი („მაგდანას ლურჯა”, 1955), ფარსმან სპარსი („დიდოსტატის მარჯვენა”, 1969–70), მორდუხაი („დათა თუთაშხია”, 1977) და სხვ. ვ. იყო კორპორაცია „დურუჯის” დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი. 1926-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა შოთა რუსთაველის თეატრთან არსებულ დრამ. სტუდიაში, ხოლო 1939-იდან – საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრალურ ინ-ტში (1947-იდან – პროფესორი). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. თბილისში არის ვ-ის სახლ-მუზეუმი.

თხზ.: მოგონებები. ფიქრები, თბ., 1977.

ლიტ.: ბ უ ხ ნ ი კ ა შ ვ ი ლ ი  გ., აკაკი ვასაძე, თბ., 1960; ჯ ა ნ ე ლ ი ძ ე  დ., სახიობა, [წგ.] 1, თბ., 1958; Гугушвили Э., Театральные портреты, Тб., 1968; Марков П., А. Васадзе, წგ.: Народные артисты СССР, М.–Л., 1937.