ალიბეგლოს ქართული სახელმწიფო დრამატული თეატრი ი. ჭავჭავაძის სახელობისა, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედი ერთადერთი ქართული თეატრი. გაიხსნა 1981 საინგილოს სოფ. ალიბეგლოში (ამჟამად აზერბაიჯანის რესპუბლიკა).
სოფლის ახალგაზრდობის მოთხოვნით და პოეტ ი. ორჯონიკიძის ინიციატივით საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტმა სოფელში მიავლინა ახალკურსდამთავრებული რეჟისორები: მ. კვირკველია და მ. მჭედლიშვილი, რ-ებმაც დადგეს საკურსო სპექტაკლები: რ. ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ და ა. სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“. ა. დოლენჯაშვილის ხელმძღვანელობით და ამ სპექტაკლებში მონაწილე სცენისმოყვარეთა ძალებით ამავე წელს ჩამოყალიბდა დრამწრე, რ-საც 1985 აზერბ. რესპ. კულტ. სამინისტროს კოლეგიის გადაწყვეტილებით მიენიჭა სახელმწ. თეატრის სტატუსი. იმავე წელს თეატრ. ინ-ტის სტუდენტებმა დ. მაცხონაშვილმა და პ. ცუცქირიძემ ალიბეგლოელთა ძალებით მოამზადეს თოჯინების სპექტაკლი – ვ. რაბადანის „ოხერტიალა’’.
1987 თეატრს მიენიჭა ი. ჭავჭავაძის სახელი, ამავე წელს თეატრი გახდა მშრომელთა თვითმოქმედი დრამ. ხელოვნ. II საკავშ. ფესტივალის ლაურეატი.
თეატრის რეპერტუარში ასევე იყო გ. ერისთავის „უჩინმაჩინის ქუდი“, ლ. ასათიანის „ბასიანის ბრძოლა“ (ლიტ.-ქორეოგრაფიული კომპოზიცია), კომპოზიცია აზერბ. ხალხ. ლექსებზე „აზერბაიჯანული ბაიათები, ანუ სავიზიტო ბარათი“, ა. გეწაძის „შუაზე გაყოფილი ცრემლი“, „წმინდანები ჯოჯოხეთში“, დ. აწყურელის „ცოლქმრობის წინააღმდეგი“ (მეორე სახელწ. – „ბერბიჭები“ , ქართ. ენის ინგილოურ დიალექტზე და აზერბ. ენაზე), ა. ჩხაიძის „თავისუფალი თემა“, ბ. ლავრენიოვის „ორმოცდამეერთე“; ლიტ. თეატრი: „ჰიმნი სიცოცხლეს“ (ქართვ. პოეტებისა და მწერლების ნაწარმოებების მიხედვით); საკონცერტო პროგრამა „ქართული სიმღერის საღამო“; პოეზიის საღამოები ‒ „ადგილობრივი სახალხო მთქმელები“, „ინგილო სახალხო მთქმელები“, „ჩვენ ხუთი წლის ვართ“ (დიალოგი მაყურებელთან) და სხვ. 1987 თეატრის ინიციატივით სოფლის სტადიონზე მოეწყო სახ. დღესასწაული „ილიაობა“ (მიეძღვნა ი. ჭავჭავაძის დაბადების 150-ე წლისთავს, ტარდება ყოველწლიურად ოქტ. პირველ ნახევარში). 1988 დაიდგა ახალი სპექტაკლები: ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“ და საინგილოს ისტ. ამსახველი მონტაჟი „ალაზანს აქეთ“ (წარსული და თანამედროვეობა; სცენარის ავტორი და რეჟისორი – ა. დოლენჯაშვილი); 1990 – ლიტ.-მუს. კომპოზიცია „აპრილი მოსულა“ (ავტორი და რეჟისორი – ა. დოლენჯაშვილი), რ. ტომას „მახე“, 1992 – რ. გაბრიაძის „უცხო ჩიტი“, რ. ერისთავის „ეჭვიანი“, ა. ჩეხოვის „ხელის თხოვნა“, სცენები ბ. ბრეხტის პიესიდან „შიში და სიღატაკე მესამე იმპერიისა“ ამავე წელს თეატრი გასტროლებზე იყო სამაჩაბლოს სოფლებში (ზემო და ქვემო აჩაბეთი, ქურთა, კეხვი, ერედვი). დაარსების დღიდან თეატრთან არსებობს ბავშვთა დრამ. სტუდია სოფ. ალიბეგლოს შოთა რუსთაველის სახ. ქართ. საშ. სკოლის მოსწავლეთათვის. 2016 დაიდგა თ. ბართაიას პიესა „მუყაოს სახლები“.
2005 თეატრს აზერბაიჯანის მთავრობამ სახელმწ. აკად. თეატრის სტატუსი მიანიჭა. იმხანად თეატრის დირექტორის, ზ. ხალილოვას ძალისხმევით აზერბ. კულტ. სამინისტრომ, შემოქმედებით დასს და ადმინისტრაციაში მომუშავე პერსონალს ხელფასები დაუნიშნა. ქართ. დასი სპექტაკლებს მართავდა ნახევრად დანგრეულ კულტურის სახლის შენობაში. თეატრს არ ჰქონდა დეკორაცია, კოსტიუმები, რეკვიზიტი და ა. შ. კახის რაიონში 500-ზე მეტი ქართული ოჯახი ცხოვრობს. ამდენად ქართ. თეატრის არსებობა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 2016 დაიდგა თ. ბართაიას, პიესა „მუყაოს სახლები“. პრემიერის შემდეგ ნ. წულუკიძის, მ. ვასაძისა და დ. გაგოშიძის ინიციატივით დაიწყო ა. ქ. ს. დ. თ-ის მხარდამჭერი კამპანია. საქართვ. სახელმწ. თეატრების ძალისხმევით ალიბეგლოელი კოლეგებისთვის შეიკრიბა კოსტიუმები, რეკვიზიტი, წიგნები, სხვადასხვა საჭიროების ნივთები. რუსთაველის, მარჯანიშვილის, მოზარდ მაყურებელთა, თელავის თეატრებმა საგასტროლოდ მოიწვიეს ალიბეგლოს თეატრი, შემდეგ კი თავადაც ესტუმრნენ ჰერეთელებს. ა. ქ. ს. დ. თ-ის განვითარებაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის „თეატრალურ საზოგადოებას“, საქართვ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. დამს. ანსამბლს (ხელმძღვ. – ჯ. ჭკუასელი), საქართვ. სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწ. უნ-ტს.
თეატრის შენობა 2018 გარემონტდა საქართვ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მაშინდელი მინისტრის მ. გიორგაძის გადაწყვეტილებით. თეატრის დასი 20 წევრისგან შედგება: ლ. ანდრიაშვილი, ო. ანდრიაშვილი, ვ. ასლამაზაშვილი, ნ. ბარიხაშვილი, რ. ბარიხაშვილი, მ. ემრაშვილი, ნ. თოფაშვილი, ვ. სუყაშვილი, ბ. ჭაჭაშვილი, ნ. ჭაჭაშვილი, ნ. ჭაჭაშვილი, ზ. ჭაჭაშვილი, ლ. შიოშვილი, გ. შიოშვილი და სხვ. სადადგმო ნაწილის გამგეა კ. ბარიხაშვილი, მთავარი რეჟისორი – ნ. თოფალაშვილი. რეპერტუარშია სპექტაკლები: თ. ბართაიას „მუყაოს სახლი“, „სათამაშო პისტოლეტი“, ი. გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა“, ფ. კიპაროიძის „პაემანი წარსულთან“ , „თეკლა“, ი. ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით „გზა წიწამურამდე“, ნ. წულუკიძის იგავ-არაკების მიხედვით „სიბრძნის ქარავანი“, ვ. მალიაგინის „მამა არსენი“ და სხვ. 2020 წლის 14 იანვარს, ქართული თეატრის დღის აღსანიშნავად,
თეატრალურმა საზოგადოებამ, ნ. წულუკიძის თაოსნობით, 40 წლის იუბილე გადაუხადა ალიბეგლოელებს თბილისში. ალიბეგლოს დრამ. თეატრ. დასის წევრებს ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ; თეატრის დამაარსებელს, ა. დოლენჯაშვილს – ს. ახმეტელის სახ. პრემია, თეატრის მესვეურებს კი „ამაგდარის“ წოდება მიენიჭათ.
ა. დოლენჯაშვილი
მ. ვასაძე