გაწერელია შალვა (მუმუშა) ვლადიმერის ძე

გაწერელია შალვა (მუმუშა) ვლადიმერის ძე (19. I. 1931, ახალციხე, ‒ 10. IV. 2012, თბილისი). რეჟისორი და პედაგოგი, საქართვ სახ. არტისტი (1987).

1958 დაამთავრა საქ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი. მოღვაწეობდა მოზარდ მაყურებელთა ქართ. (1958-59, 1963-73, 1975-95) და ჭიათურის (1959-60) თეატრებში; 1973-75 მუშაობდა საქართვ. რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სახელმწ. კომიტეტის ტელესტუდიაში, სადაც განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად მის დადგმებს: დ. კლდიაშვილის ,,ბაკულას ღორები’’ და ,,ირინეს ბედნიერება“, მ. ჯაფარიძის ,,ჩვენებურები’’. 1976-95 იყო მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრის მთ. რეჟისორი. განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმა ‒ მოზარდ მაყურებელთა პედაგოგიურ-დიდაქტიკური თეატრი გარდაიქმნა გამოკვეთილი მსოფლმხედველობის მქონე ახალგაზრდულ თეატრად. საკუთარი პოზიციის გამოსაკვეთად რეჟისორი უხვად სარგებლობდა სხვადასხვა სახელოვნებო სტილისა და მეთოდოლოგიისათვის დამახასიათებელი ფორმებით.

გ-ს მიერ მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრში განხორციელებული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ა. ჩხაიძის ,,როცა მთავრდება ბავშვობა’’, რ. მამულაშვილის ,,ძია ელიოზი’’, ვ. აქსიონოვის ,,კოლეგები’’, ვ. შვარცის ,,წითელქუდა’’, გ. ნახუცრიშვილის და ბ. გამრეკელის ,,ნაცარქექია’’, ა. ჰაკეტისა და კ. გუდრიჩის ,,ანა ფრანკის დღიური’’, ქ. ჭილაშვილის ,,აცა-ბაცა’’, გ. როშჩინის ,,თეა და თემო’’, ვაჟა-ფშაველას ,,მოკვეთილი’’, დ. კლდიაშვილის ,,ქამუშაძის გაჭირვება’’ (,,ასიტეჟისის’’ პრემია, 1974) და ,,ირინეს ბედნიერება’’ (მარჯანიშვილის პრემია, 1983), ბ. ბრეხტის ,,სიმონა მაშარის სიზმრები’’, ნ. დუმბაძის და გ. ლორთქიფანიძის ,,მე ვხედავ მზეს’’, ნ. დუმბაძის ,,კუკარაჩა’’ (კომკავშირის პრემია, 1986), მ. ჯაფარიძის ,,ჩვენებურები’’ (სახელმწ. პრემია, 1985), ბ. ლავრენევის ,,რღვევა’’ (თეატრალური საზ-ბის პრემია ,,წლის საუკეთესო სპექტაკლისათვის’’, 1980), თ. ბიბილურის ,,ორი ნოველა’’, ი. სამსონაძის ,,ბედნიერი ბილეთი’’ (სახელმწ. პრემია, 1989) და ,,აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე’’ (მინისტრთა საბჭოს პრემია, 1992) და სხვ.

გ-ს სპექტაკლებს ახასიათებს კონცეფციურობა, ლტოლვა ახალი გამომსახველობითი საშუალებებისკენ, მეტაფორულობა, გროტესკულობა, ფსიქოლოგიზმი, ლაკონურობა. 1960-იდან სიცოცხლის ბოლომდე პედ. მოღვაწეობას ეწეოდა შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწ. უნ-ტში. 1995‒2006 იყო მსახიობის ოსტატობის კათედრის გამგე, სრული პროფესორი. 2009 წელს მიენიჭა ემერიტუსის წოდება და ხელმძღვანელობდა მაგისტრანტთა ჯგუფებს საშემსრულებლო ხელოვნებასა და რეჟისურაში. თეატრ. უნ-ტში გ-ს მიერ დადგმული წარმოდგენებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია სპექტაკლები: ჰ. იბსენის ,,ჰედა გაბლერი’’, ა. ოსტროვსკის ,,უმზითვო’’, მ. გორკის ,,ფსკერზე’’, ,,ვასა ჟელეზნოვა’’, ა. ჩეხოვის ,,თოლია’’, ,,ალუბლის ბაღი’’, შ. დადიანის ,,გუშინდელნი’’, ი. სამსონაძის ,,იქ სადაც ღვარად მოედინება’’, ,,სულიერი არსებები’’და სხვ.

იყო მ. თუმანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი (1997).

დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტ.: საქართვ. თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრ. სახელმწ. მუზეუმი, ,,საიუბილეო თარიღები’’, თბ., 2006, გვ. 8; ცქიტიშვილი გ., ,,ყოფილები ქართულ სცენაზე’’, თბ., 2010; კრ. ,,შალვა გაწერელია-80’’ (რედაქტორი, შემდგენელი და წერილის ავტ. თ., ქუთათელაძე), თბ., 2011; ქართველიშვილი ვ., ,,ინტელექტუალურისა და რომანტიკულის ზღვარზე’’, თბ., 2006; ქუთათელაძე თ., „შალვა გაწერელიას თეატრი’’, 2017.

მ. ცხომარია

თ. ქუთათელაძე