ახალშენის სახალხო თეატრი, დაარსდა 1972 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალშენში.
აქ ჯერ კიდევ XX ს. 20-იანი წლებიდან მრავლფეროვანი შემოქმედებითი საქმიანობა იყო გაჩაღებული. ადგილობრივი ბერძნული მოსახლეობის ინიციატივით 1927 აშენდა სასოფლო კლუბი, სადაც წარმოდგენებს მართავდა ბერძენ სცენისმოყვარეთა დასი პ. იგნატიდიდისა და კ. კრომილის ხელმძღვანელობით. 1960 სოფელში გაიხსნა700-ადგილიანი კულტურის სახლი, სადაც სისტემატურად იმართებოდა სპექტაკლები. ახალშენელ ენთუზიასტებს დიდ დახმარებას უწევდნენ ბათუმის პროფესიული თეატრ. კოლექტივები. აღსანიშნავია ბათუმელი მსახიობისა და რეჟისორის _ ა. დიასამიძის წვლილი, რ-მაც 20 სპექტაკლი დადგა: კ. ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“ (1966); ა. აფხაიძის „მოულოდნელი შეხვედრა“ (1967); ჩეხოვის „დათვი“ (1970); პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“ (1972); დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ (1973) და „ბაკულას ღორები“ (1988); ვ. დარასელის „კიკვიძე“ (1977) და სხვ. ამავე პერიდოში ე. ჩაიძის რეჟისურით დაიდგა ნ. დუმბაძის „მზიანი ღამე“ (1974) და ,,კუკარაჩა“ (1982); გ. ერისთავის „თილისმა ხანი“ (1974); ა. ჩხაიძის „როცა ქალაქს სძინავს“ (1980) და სხვ. მანვე აღადგინა პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“ (1983).
საქართვ. სახ. არტისტმა მ. შერვაშიძემ დადგა პ. ლორიას „განთიადი ხევში“ და ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“ (ორივე 1984), რეჟ. თ. სულხანიშვილმა - ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ (1985); რეჟ. რ. ბაინაზიშვილმა - ე. ნინოშვილის „ჩვენი ქალაქის რაინდი“, დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ (1990) და “ბაკულას ღორები“ (1991). მნიშვნელოვანი იყო, ასევე ბათუმელი მსახიობისა და რეჟისორის, ლ. ზაქარიაძის დადგმები: ვ. კანდელაკის „ნაკრძალში“ (1993); გ. ერისთავის „უჩინ-მაჩინის ქუდი“ (1994); შ. როყვას „კომედია ჭიშკართან“ (1995); შ. შამანაძის „ღია შუშაბანდი“ (1996); ნ. დუმბაძის „ბოშები“ და „კუკარაჩა“ (2000), ბ. ჯანიკაშვილის „თითით საჩვენებელი“ (2005) და სხვ.
თეატრი სისტემატურად მონაწილეობდა ფესტივალებში, მართავდა საგასტროლო ტურნეებს არა მხოლოდ აჭარაში, არამედ მთელ ახლომახლო რეგიონებში. თეატრის მსახიობები აქტიურად მონაწილეობდნენ სახ. დღესასწაულის „კოლხობის“ მომზადებასა და ჩატარებაში.
2007-იდან. ა. ს. თ. აღარ ფუნქციონირებს.
ლიტ.: ზოიძე ზ., ახალშენის კულტურის სახლში, ,,ოქტომბრის გზით“, 1965; 16. XII. მელია ი., სახალხო თეატრში, იქვე, 9. X. 1973; სახალხო თეატრი 20 წლისაა, გ. „საბჭ. აჭარა“, 11. IV. 1986; ენც. „საქართველო“, თბ., 1997, ტ. 1; კომახიძე თ., აჭარის კულტურის ისტორია, ბათ., 1998; მისივე, აჭარის ენციკლოპედიური ცნობარი, ბათ., 2011, წგ II., „პონტოელი ბერძნები აჭარაში, წარსული და თანამედროვეობა“, ბათ., 2017.
შ. ღოღობერიძე
ს. ჯორბენაძე