გეგეჭკორი გოგი ვლადიმერის ძე

                

გ. გეგეჭკორი

გეგეჭკორი გიორგი (გოგი) ვლადიმერის ძე (21. II. 1923, თბილისი, – 11. III. 2003, იქვე), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1966).

1944 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი და მუშაობა დაიწყო თბილ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრში, (მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე). რუსთ. თეატრის სცენაზე 120-მდე როლი განასახიერა. მათ შორის: გლუმოვი (ა. ოსტროვსკის „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება“), ნიკოლოზ ბარათაშვილი (მ. მრევლიშვილის „ბედი მგოსნისა“), დონ სეზარი (ფ. დიუმანუასა და ა.დ’ენერის „დონ სეზარ დე ბაზანი“), ექვთიმე ქათამაძე (კ. ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა“), მგელი (გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“), გლოსტერი, ბაკინგემი, ალქაჯი (უ. შექსპირის „მეფე ლირი“, „რიჩარდ მესამე“, „მაკბეტი“), ბლაგოი (ბ. ნუშიჩის „ფილოსოფიის დოქტორი“), ტიგრან გულოიანი (ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“), ბოპერტუი, (ე. ლაბიშის „ჩალის ქუდი“), პლატონი (დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“), ნათან ბრძენი (გ. ლესინგის „ნათან ბრძენი“), და სხვ.

აღსანიშნავია გ-ის მიერ სხვა თეატრებში შექმნილი მხატვრული სახეები: მთხრობელი („ჩვენი პატარა ქალაქი“, თ. უაილდერის რ. გაბრიაძის მიერ გადმოქართულებული პიესა, მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრი), გუდული (ნ. დუმბაძის „მონატრება“ ერთი მსახიობის თეატრი) და სხვ.

კინოში შეასრულა 50-მდე როლი, მათ შორის: ვახტანგი („აბეზარა“, რეჟ. ნ. სანიშვილი, 1956), ბესარიონი („წარსული ზაფხული“, რეჟ-ები: ნ. ნენოვა, გ.წულაია, 1959), მამა („არდადეგებზე“, რეჟ. მ. კოკოჩაშვილი, 1962), დირიჟორი („ჩარი რამა“, რეჟ. ნ. სანიშვილი, 1972), ფარმაცევტი („ვერის უბნის მელოდიები“, რეჟ. გ. შენგელაია, 1973), დათიკო („აურზაური სალხინეთში“, რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1973), ჩაჩიკა („ნატვრის ხე“, რეჟ. თ. აბულაძე, 1976), გალაქტიონი („ბაკულას ღორები“, რეჟ. ბ. რაჭველიშვილი, 1976) სანდრო კარიძე („დათა თუთაშხია“, რეჟ-ები: გ.ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978), ჯანდიერი („ფესვები“, რეჟ. გ. მგელაძე, 1987) და სხვ.

მონაწილეობდა ტელე და რადიოდადგმებში: მამა იორამი („მარადისობის კანონი“, რეჟ. თ. ჩხეიძე, 1979), დარისპანი („დარისპანის გასაჭირი“, რეჟ. ვ. ნიკოლაძე, 1984) და სხვ. ხშირად იწვევდნენ სხვა რესპუბლიკების კინოსტუდიებშიც, სადაც შესრულებული აქვს როლები: ძია კოლია („ბედნიერ აღმოჩენათა დრო“, 1969, მოსფილმი), ადამი („ადამი და ევა“, 1969, მოსფილმი), საიათნოვა („ბროწეულის ფერი“, 1970, რეჟ. ს. ფარაჯანოვი, არმენფილმი), მოხუცი („ველდი“, 1988, უზბეკფილმი) და სხვ.

გ-ისთვის დამახასიათებელი იყო თავშეკავებული იუმორი, ლაკონიურობა, მკაფიო ინდივიდუალობა, სცენური სიმართლე, დიდი პროფესიული კულტურა, მომხიბვლელობა, ლირიზმი, ჩინებული მეტყველება, გამორჩეული პლასტიკა, იყო მხატვრული კითხვის ოსტატი.

გახმოვანებული აქვს 250-მდე როლი საზღვარგარეთულ და საკავშირო ფილმებში.

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ნ. გურაბანიძე

ა. მირიანაშვილი