ალექსიძე გურამ ნიკოლოზის ძე (დ. 30. VII. 1939, თელავი), სწავლული აგრონომი, ენტომოლოგი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1977), პროფესორი (1989), საქართვ. სოფ. მეურნ. მეცნ. აკადემიის ნამდვ. წევრი (1992), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის აკადემიკოსი (2018).
1962 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ ინ-ტის აგრონ. ფაკ-ტი მცენარეთა დაცვის სპეციალობით. 1967-73 მუშაობდა საქართვ. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1974-83 და 1987-იდან იყო საქართვ. მცენარეთა დაცვის ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში, 1983-87 - აშშ-ის მცენარეთა დაცვის ექსპერტი, 1995-2004 - სოფ. მეურნ. მეცნ. აკადემიის მთ. აკადემიკოს-მდივანი, 2004-იდან - ვიცე-პრეზიდენტი, 2013 აირჩიეს ამავე აკადემიის პრეზიდენტად. ა. ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქციის სოფლის მეურნეობის სამეცნ. სექციის ხელმძღვანელია; 2015 დასახელდა აგრ. დარგში წლის საუკეთესო მეცნიერად. 2016-იდან ცენტრ. აზიისა და სამხრ. კავკ. ქვეყნების კვლევითი ორგანიზაციების კონსორციუმის თავ-რეა, 2020-იდან - ევრ. სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკად.-ების კავშირის პრეზიდენტი. ა. მონაწილეობს საერთაშ. კონფერენციებში (რუსეთი, იტალია, პორტუგალია, ესპანეთი, იაპონია, აშშ და სხვ.).
მან შეისწავლა საქართველოს პირობებში ხეხილისა და ვაზის მავნებლების ბიოეკოლოგია, მათი რიცხობრიობის მარეგულირებელი ფაქტორები და დაამუშავა ბრძოლის ინტეგრირებული ღონისძიებები, პირველად საქართველოში ხეხილის აგროცენოზებისათვის დაადგინა მავნე და სასარგებლო მწერების ურთიერთდამოკიდებულება მათემატიკური მოდელირებისა და ელექტრონული-გამოთვლითი მანქანების გამოყენებით. გამოიკვლია ახ. პესტიციდების მოქმედება მავნე და სასარგებლო მწერებზე, შეიმუშავა ეკოლოგიური თვალსაზრისით მათი უსაფრთხოდ გამოყენების მეთოდები.
ა. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომისა და 20 მონოგრაფიის ავტორი მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ.შ. მედალი „შრომის წარჩინებული" (1982) და ღირსების ორდენი (1999). სამეცნ. კვლევებში შეტანილი წვლილისათვის საერთაშ. ორგანიზაციებმა „სიჯიარმა" და „იკარდმა" გადასცეს ვერცხლის მედლები (2005 და 2008); 2013 დაჯილდოვდა ნ. გავილოვის სახ. მედალით.
თხზ.: მავნე და სასარგებლო მწერები, თბ., 1980, მევენახე აგრონომის ცნობარი მცენარეთა დაცვაში, თბ., 1991; მცენარეთა დაცვა, თბ., 2016; Mathematical Modeling plant in Protection, With Go-authoring, 2019, ვაზი და გარემო, თბ., 2021.