გურიელი ირმა იაკობის ასული (დ. 5. VII. 1941, ქუთაისი), პოეტი, მსახიობი, ჟურნალისტი, ტელევიზიის პირველი თაობის ტელედიქტორი.
საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1990). 15 წლისა მიიწვიეს ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. სახელმწ. თეატრში (1956, 1957, 1958 თეატრ. სეზონები). 1958– 59 მონაწილეობდა ქუთაისის თოჯინების თეატრის ორ ექსპერიმენტულ სპექტაკლში. 1959–63 სწავლობდა თბილ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრალურ ინ-ტში. 1959-იდან მუშაობდა ტელევიზიაში, სადაც წლების განმავლობაში კითხულობდა მხატვრულ ნაწარმოებებს და მონაწილეობდა ტელე-რადიო სპექტაკლებში. 1963–64 იყო რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრის მსახიობი. 1964–65 – საქართვ. სახელმწ. საესტრადო ორკესტრის „რეროს“ (ხელმძღვ. კ. პევზნერი) სოლისტი (მომღერალი).
1967–69 მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში, სადაც შექმნა არაერთი მნიშვნელოვანი მხატვრული სახე. 1969–80 იყო ტელედიქტორი (ტელედიქტორთა კონკურსში გამარჯვების შემდეგ), 1980–2005 – სატელევიზიო თეატრ. „თეატრონის“ მთ. რედაქტორის მოადგილე და მსახიობი. ტელე-რადიოს ფონდში დაცულია მის მიერ სპექტაკლებში შესრულებული ათეულობით როლი: რებეკა (ნ. დუმბაძის „კუკარაჩა“; რეჟ. დ. ჩხეიძე, 1980), მარუა (კ. გამსახურდიას „ვაზის ყვავილობა“; რეჟ. გ. კახაბრიშვილი), ტატა (ზ. რატიანის „ფეხბურთის ძალა“; რეჟ. ნ. ბეგიაშვილი, 1983), ლამზირა (გ. დოჩანაშვილის „ხორუმი ქართული ცეკვაა“; რეჟ. გ. კახაბრიშვილი, 1985), მსახიობი (მ. ბულგაკოვის „მოლიერი“; რეჟ. თ. ჩხეიძე, 1989), ეკა (თ. ჭილაძის „ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე“; რეჟ. რ. სიხარულიძე, 1991), პენსიონერი ქალი (ზ. დარასელის „უჩინარი“; რეჟ. გ. კახაბრიშვილი, 2001) და სხვ. აღსანიშნავია აგრეთვე, მისი შექმნილი სახეები რადიოსპექტაკლებში: გ. რჩეულიშვილის „მარინე“, თ. ჭელიძის „სამოთხის კვარტეტი“, დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ და სხვ. ტელეთეატრში გ-ის ლიბრეტოს მიხედვით შეიქმნა პირველი საბავშვო მუსიკალური სატელევიზიო სპექტაკლი „ამბავი უფლისწულისა“ (1980), მისივე რედაქტორობით და მონაწილეობით გადაიღეს პირველი თოჯინური სპექტაკლი „ჭინჭრაქა“ (გ. ნახუცრიშვილის მოთხრობის მიხედვით, 1981).
ტელე-რადიო ფონდში დაცულია გ-ის არაერთი საავტორო გადაცემა, გ-ის ლექსებზე შექმნილი 70-მდე სიმღერა, მ. შ.: „საქართველო“, „ჭაღარა“, „თბილისური მონატრება“, „უთქმელი სევდა“, „რა ეჭვიანი ყოფილხარ“ და სხვ.
გ-ს ეკუთვნის საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ისადმი მიძღვნილი პოეტური ტრილოგია „ქართველნო ერთად ღვთისაკენ!“ (პატრიარქის საგალობლების თანხლებით), პუბლიც. ვიდეოფილმი „სიყვარულმა მათქმევინა“ (პატრიარქის საფორტეპიანო ნაწარმოების „ფიქრები წარსულსა და მომავალზე“ თანხლებით), რ-თა ტექსტსაც თავადვე კითხულობს. გ. სცენარის ავტორი და რეჟისორია მხატვრულ-დოკუმენტური ფილმისა „უკან ჰრჩეს კვალი განათლებული“ (1978). 1995-იდან მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით „თეატრონმა“ დაიწყო უცხოური ფილმებისა და სერიალების ქართულ ენაზე გახმოვანება.
გ-მა 2009 შექმნა ლიბრეტო როკ-ოპერისათვის „თავფარავნელის ბალადა“, რ-იც დაიდგა ფოლკ-ოპერად ქ. ბათუმის მუს. ცენტრში [რეჟ. გ. თავაძე (იმარინდო); 2016]; თარგმნა ბ. ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“ და კ. ვაილის მელოდიაზე შექმნა 23 ზონგი. პიესა ზონგებით დაიდგა თბილ. ვ. აბაშიძის სახ. მუსიკისა და დრამის თეატრში [რეჟ. გ. თავაძე (იმარინდო) 2018]. გ-ს გამოცემული აქვს სამი პოეტური კრებული: „ჩუმი ცეცხლი“ (1981), „ნეტავი ჩავწვდე გულისთქმას“ (2003) და „საქართველო – სიმღერავ ჩემო!“ (2021). 2016, ტელევიზიის 60 წლისთავთან დაკავშირებით, გ-მა მიიღო მადლობა ერთგულებისათვის „60 წელი ერთად“ (1956–2016). ტელევიზიის ფოიეში გამოფენილ პირველი თაობის ტელედიქტორთა ფოტოებსა და 12 ვარსკვლავურ სიმბოლოს, ე. წ. „ქართულ ტელეოსკარს შორის, არის გ-ის ფოტო და ვარსკვლავი.
იყო საქართვ. თეატრის მოღვაწეთა კავშირის (1969), ჟურნალისტთა (1978) და მწერალთა შემოქმედებითი კავშირების (2005) წევრი, ქ. ჩოლოყაშვილის ეროვნ. საზ-ბის საპატიო წევრი (2012). მიღებული აქვს „შრომის ვეტერანის“ წოდება (1986), „ღირსების ორდენი“ (2001), „ქართული კულტურის ამაგდარის“ (2012) წოდება. გ. ტაბიძისა (2019) და ი. ჭავჭავაძის (2021) სახ. პრემიები; ს. თაყაიშვილის სახ. ჯილდო (2022).
თ. დოლიძე