(ახლანდ. შპს „ა რ ე მ - ჯ ი გ ო ლ დ ი "), ოქროს მომპოვებელი საწარმო. მდებარეობს დაბა კაზრეთში (ბოლნისის მუნიციპალიტეტი). დაფუძნდა 1995 საქართველო-ავსტრალიის ერთობლივი საწარმოს სახით, რ-მაც საქმიანობა დაიწყო შპს „კ-ის" სახელწოდებით. კომპანია 1996-მდე ადგილზე საძიებო-მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებდა, ხოლო 1997 წ. 2 აპრილს ჩამოისხა პირველი ოქრო. ოქროსშემცველი მადნების მოპოვება და გადამუშავება ხდება საყდრისისა და მადნეულის საბადოებიდან, რ-ებიც მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაბა კაზრეთთან ახლოს, თბილისიდან სამხრ.-აღმ-ით 80 კმ დაშორებით. ასევე ხდება სხვადასხვა ტექნოგენური ნარჩენების გადამუშავებაც. 2005-იდან ერთობლივი საწარმო ფუნქციონირებს პარტნიორების – სააქციო საზ-ბა „მადნეულისა" (საქართველო) და საერთაშ. კომპანია „ჯეოპრომაინინგის" (ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები) – თანაბარი წილობრივი მონაწილეობით. 2012 ივნისში შპს „კ." გადავიდა საერთაშ. კომპანია „არემჯის" (RMG – Rich Metals Group B. V., ჰოლანდია) 100%-იან მფლობელობაში და ამჟამად მისი იურიდ. სახელწოდებაა შპს „არემჯი გოლდი". კომპანია „არემჯი გოლდი" ოქროსშემცველი მადნების მოპოვება-გადამუშავების შედეგად აწარმოებს ოქროს დორე შენადნობს (ნახევარფაბრიკატის სახით), რ-საც ყიდულობენ მსხვილი საერთაშ. ტრეიდერული კომპანიები. აფინაჟის (გაწმენდა) შედეგად მიღებული სუფთა ლითონი (ოქრო და ვერცხლი) კი შემდგომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე იყიდება.
შპს „არემჯი გოლდი" გროვული გამოტუტვის მეთოდით, ოქროსშემცველი მეორეული კვარციტული მადნის გადამუშავების გზით ახორციელებს ძვირფასი ლითონების ამოკრეფას. ეს მეთოდი ითვალისწინებს მაღალი სიმკვრივის გაუმტარი პოლიეთილენით დაფარულ გამოსატუტ მოედანზე მოთავსებული დამსხვრეული მადნის გროვის ციანიდის დაბალი კონცენტრაციის ხსნარით დამუშავებას დახურულ საწარმოო ციკლში. აღნიშნული ციანირების მეთოდი ძვირფასი ლითონების მოპოვების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რ-იც გამოირჩევა ეკონომიურობით და გარემოზე მინიმალური ნეგატიური ზემოქმედებით. ის ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ციანიდის ხსნარით ოქროს დაბალი კონცენტრაციის ამოკრეფის ხერხი ინჟინერმა და მეცნიერმა პ. რ. ბაგრატიონმა აღმოაჩინა 1843. ძვირფასი ლითონების ამოკრეფის პროცესი მოიცავს სამთო, გეოდეზიურ, მეტალ., მექან., ტექ. და სხვა სახის სამუშაოებს, რ-ებიც 24-საათიანი უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს.
კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა გარემოს დაცვაზე ზრუნვა. კარიერის დამუშავების შედეგად ხდება მცენარეული საფარის დაზიანება და რელიეფის დარღვევა, ამიტომ სამთო სამუშაოების დაწყების წინ ხდება გასაჩეხი ხეების მოცულობის აზომვა და შესაბამისი საკომპენსაციო ტყის გაშენება. კომპანია „არემჯის" საწარმოში შემოსვლის შემდეგ გარემოს დაცვის სფეროში გატარდა რიგი ღონისძიებები – 2012 ჩამოყალიბდა ჯანდაცვის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სამსახურის ახ. სტრუქტურა; შემუშავდა ახ. გარემოსდაცვითი პოლიტიკა. კომპანიის ქიმ. ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე ექსპრესანალიზატორებით ხსნარებში მძიმე ლითონების, ციანიდებისა და სულფატის იონების შემცველობისა და ატმ. ჰაერის დაბინძურების განსასაზღვრავად. ყოველდღიურად მიმდინარეობს მონიტორინგი წყლის ჩაშვებაზე, ატმოსფეროში მტვრის გაფრქვევებზე, ციანწყალბადმჟავას (HCN) აირის რაოდენობაზე, სანაყაროებზე, მილსადენების გამართულობაზე, კუდსაცავზე (ნარჩენი მასის ე. წ. „კუდების" სპეც. სანაყარო). საკარიერო მჟავე წყლების ნეიტრალიზაციის გარდა, აქ ტარდება მტვერთან ბრძოლის ქმედითი ღონისძიებები, რ-თაგან ძირითად საშუალებას წარმოადგენს მტვერწარმოქმნის კერების პერიოდული მორწყვა წყლით. მტვრის გამოფრქვევის შესამცირებლად კომპანიის სპეც. მანქანებით ყოველდღიურად ირწყვება სატრანსპ. გზები. მტვერწარმოქმნის ძირითადი წყაროებია საკარიერო და მაგისტრალური გზები, ფუჭი ქანების სანაყაროები. მტვრის ემისიის კონტროლი ხორციელდება წყლის საშხეფი სისტემებით, რ-ებიც დამონტაჟებულია მადნის დამსხვრევისა და გადატანის პუნქტებზე. ლაბორატორიაში სინჯების დამსხვრევისა და დაფქვის შედეგად წარმოქმნილი მტვერი გროვდება კოლექტორში, რ-შიც ჰაერი იფილტრება და მტვერი ხვდება კონტეინერში. აქედან იგი რეგულარულად იცლება გროვებში და დაუყოვნებლივ სველდება, რის შედეგადაც მტვერი იქვე ჩაირეცხება.
„არემჯი გოლდი" ბოლნისის რნში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია, სადაც მუშაობს 1000- ზე მეტი ადამიანი, რ-თა 90% ადგილ. მოსახლეა. 2012–16 კომპანია „არემჯი გოლდმა" საქართველოში 300 მლნ. დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა.
მ. ნაცვლიშვილი