გიორგი მერჩულე

გიორგი მერჩულე, X ს. მწერალი, ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი.

გ. მ. განსწავლული პიროვნება იყო, იცოდა უცხოური ენები, საფუძვლიანად იცნობდა სას. მწერლობასა და ქრისტ. თეოლოგიას (პ. ინგოროყვას განმარტებით, „მერჩულე" სამართლის სპეციალისტ-თეოლოგს, „რჯულის მეცნიერს" ნიშნავს). მოღვაწეობდა ხანძთის სავანეში. აქვე დაუწერია ჰაგიოგრაფიული თხზულება „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" (951). მასალად გამოუყენებია გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებისა და ამ მოწაფეთა მოწაფეების ნაამბობი, აგრეთვე ისტ.-ლიტ. წყაროები (კირილე ალექსანდრიელის, იპოლიტე რომაელის, კირილე სკვითოპოლელისა და სხვათა თხზულებანი). 958–966 გ. მ-ის თხზულება შეუვსია ბაგრატ ერისთავთერისთავს სასწაულმაუწყებელი პასაჟებით.

„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" ასახავს VIII–IX სს. საქართვ. პოლიტ.- სახელმწიფოებრივ ვითარებას, ტაო-კლარჯეთში გაშლილ სამონასტრო მშენებლობასა და კულტ.-საგანმან. საქმიანობას, ვრცლად მოგვითხრობს გრიგოლ ხანძთელისა და მის თანამოღვაწეთა თავგადასავალს. ძეგლი პირველხარისხოვანი საისტ. წყაროა და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მრავალი საცილობელი საკითხის გადაჭრისას. საყურადღებოა ნაწარმოებში გადმოცემული ეროვნ. მთლიანობის იდეა ენისა და სარწმუნოების ერთიანობის საფუძველზე. გ. მ-ის აზრით, „ქართლი" არ არის მხოლოდ ეთნოგრ. ერთეული – საქართველოა ყველგან, სადაც ღვთისმსახურება ქართ. ენაზე სრულდება: „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების". იმხანად უკვე ცხადი გამხდარა, რომ ტერმ. „ქართლი" ვეღარ იტევდა ახ. შინაარსს, რადგან იგი დიდი ხანია გასცდენოდა თავის ძველ საზღვრებს. გ. მ-ს შეუნიშნავს და საგანგებოდ განუმარტავს ეს შეუსაბამობა.

გ. მ. ქართ. პროზის დიდოსტატია. აქვს დახვეწილი მხატვრული გემოვნება, ბრწყინვალე გამომსახველობით-აღწერილობითი უნარი, მოქმედ პირთა ფსიქოლოგიის ღრმა ცოდნა.

შინაარსობრივ-თემატიკური სიმდიდრისა და მრავალფეროვნების, იდეურ-აზრობრივი სიღრმისა და მიზანდასახულობის გარდა, გვხიბლავს თხზულების მხატვრული ფორმაც. გამორჩეულია მწერლის მეტყველების სტილი, ხატოვანი, სადა და მარტივი ენა. თხზულებაში სრულყოფილად არის ასახული ყოფითი რეალიები. ნაწარმოები მნიშვნელოვანია აგრეთვე როგორც ლიტერატურული წყარო: გვაწვდის ცნობებს IX–X სს. მიჯნაზე მოღვაწე ქართვ. მწერლების (სოფრონ შატბერდელი, ილარიონ პარეხელი, გიორგი მაწყვერელი, სტეფანე მტბევარი) შესახებ.

გ. მ. ძირითადად ოფიც. ქრისტ. იდეოლოგიის დამცველია. იგრძნობა მისწრაფება საერო თემატიკისაკენ, რაც უმთავრესად სატრფიალო თავგადასავალთა გადმოცემაში მჟღავნდება. მწერალი ქადაგებს კაცთმოყვარეობასა და პატრიოტიზმს. საინტერესოა მისი მსოფლმხედველობა ქართული საზ. და ფილოს. აზრის ისტორიის თვალთახედვით. გ. მ. საჭიროდ მიიჩნევდა საერო ფილოს. შესწავლას და მისგან თეოლოგიისათვის მისაღების გამორჩევას. ჩვენამდე მოღწეულია „ცხოვრების" ერთადერთი, XII ს. (ზოგიერთი მოსაზრებით, XI ს.) ხელნაწერი, დაცული იერუსალიმის საპატრიარქო ბიბლიოთეკაში (მიაკვლია ნ. დ. ჩუბინაშვილმა 1845); 1902 ნუსხა აღწერა ნ. მარმა, მანვე გამოაქვეყნა სამეცნ. გამოცემა რუს. თარგმანითურთ ("Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии", VII, СПб., 1911), რ-იც ლათინურად თარგმნა პ. პეეტერსმა (1923). 1956 დ. ლანგმა გამოაქვეყნა მისი ინგლ. პარაფრაზი.

გ. მ-ის სახელს ქართ. ჰიმნოგრაფიასაც უკავშირებენ: მიქაელ მოდრეკილის კრებულში ერთ საგალობელს აწერია „მერჩულიულნი უცხონი". საფიქრებელია, რომ ეს ჰიმნი ან გ. მ-ისაა, ან მის მიერ დამკვიდრებული ფორმითაა დაწერილი (იხ. მერჩულიულნი).

გ. მ. შერაცხულია წმინდანად და მოიხსენიება 5(18). X. კლარჯეთის უდაბნოს ღირს მამათა და დედათა შორის.

თხზ.: შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდისა აღმაშენებელისაჲ, და მის თანა ხსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963; ცხორება გრიგოლ ხანძთელისა და მოყუასთა და მოწაფეთა მისთა, პ. ინგოროყვას გამოც., [ტ.]1, თბ., 1949.

ლიტ.: ბ ა რ ა მ ი ძ ე  რ., გიორგი მერჩულე – ქართული პროზის დიდოსტატი და მშვენება, თბ., 2001; გოგოლაძე-გაბუნია მ., მწერალთა ბიოგრაფიები, თბ., 2004; ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954; მისივე, თხზულებათა კრებული, ტ. 3, თბ., 1965; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1977.

ლ. მენაბდე