დვალიშვილი აკაკი არჩილის ძე

ა. დვალიშვილი

დვალიშვილი აკაკი არჩილის ძე (23. I. 1922, თბილისი, – 1. V. 2008, იქვე), რეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1958).

1944 დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტის ელექტროტექ. ფაკ-ტი, ხოლო 1949 – საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი (გ. ტოვსტონოგოვის სახელოსნო). იქვე დადგა ა. აფინოგენოვის „შიში" და ა. ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი". 1949 თბილ. შოთა რუსთაველის სახ. აკად. თეატრში დადგა სადიპლომო სპექტაკლი თ. დონჟაშვილის „გამარჯვებულთა ღიმილი" და დაინიშნა ამავე თეატრში რეჟისორის ასისტენტად (1955 მიენიჭა დამდგმელი რეჟისორის პირველი კატეგორია).

დ-ის დადგმულ სპექტაკლთა შორის აღსანიშნავია: ი. ჭავჭანიძის „თბილისელი ქალიშვილი" (1951), ნ. გოგოლის „ბანქოს მოთამაშენი" (1952), ს. კლდიაშვილის „დღესასწაული საკრაულაში" (1953), ვ. კანდელაკის „სარეველა" (1953), ვ. როზოვის „გზა მშვიდობისა" (1955), მ. ჯაფარიძის „ჩვენებურები" (1956) და სხვ.

1959 დაინიშნა კ. მარჯანიშვილის სახ. აკად. თეატრის დირექტორად და სარეჟისორო კოლეგიის თავ-რედ. 1961 – კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ, პარალელურად ასრულებდა კ. მარჯანიშვილის სახ. აკად. თეატრის (1967) და ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის (1973) დირექტორის მოვალეობას.

1973–90 იყო რესპ. კინემატოგრაფიის სახელმწ. კომიტეტის თავ-რე. მისი ინიციატივით შეიქმნა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტში კინოსარეჟისორო ფაკ-ტი, დაარსდა კინომსახიობთა თეატრ-სტუდია, ჟურნ. „ალმანახი".

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997).

ლიტ.: მამულიშვილი - აკაკი დვალიშვილი, შემდგნელ-რედაქტორი ს. მეტრეველი, თბ., 2009; მეტრეველი ს., მსახიობის თეატრის მოტრფიალე რეჟისორი, წგ. თამაშის ხელოვნბა, თბ., 2016.

მ. გოგოლაშვილი