არაბული ავთანდილ ირაკლის ძე (დ. 24. III. 1953, სოფ. ჯუთა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი), ენათმეცნიერი, ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (1998), მეცნ. ეროვნ. აკადემიის აკადემიკოსი (2015).
1976 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. 1980 მუშაობა დაიწყო ენათმეცნ. ინ-ტში – იყო ლექსიკოლოგიის განყ-ბის გამგე (1988–98, 2005–09), დირექტორის მოადგილე (2000–05), დირექტორი (2014–17).
2005–06 თსუ-ში განაგებდა ქართ. ენის კათედრას; 2008–10 – წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართულ უნ-ტში ქართ. ენისა და ლიტ-რის კათედრას. 2010–20 იყო „რუსთაველის კომიტეტის“ სწავლული მდივანი და გამგის მოადგილე, ხოლო 2021-იდან ამ კომიტეტის ხელმძღვანელია.
ა. იკვლევდა ქართ. და ქართვ. ენების სტრუქტურისა და ისტორიის, ლექსიკოლოგიისა და დიალექტოლოგიის საკითხებს. ხელმძღვანელობდა ქართ. ენის სახელმწ. პროგრამას (ლექსიკოლოგიური მონაკვეთი, 2003–05), ქართ. ენის ისტ.-ეტიმოლოგიური ლექსიკონის სამუშაოებს (1986–89). არის მთავარი რედაქტორი „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ ახალი რედაქციისა (2008–20; გამოსულია 4 ტომი). ნაყოფიერად მუშაობს ქართ. ენის სწავლების ახლებურ ხედვაზე.
2023 მიენიჭა თ. გამყრელიძის სახ. პრემია ნაშრომთა ციკლისათვის „ქართული ენის სტრუქტურა და ისტორია“.
თხზ.: მესამე სერიის ნაკვთეულთა წარმოება და მნიშვნელობა ძველ ქართულში, თბ., 1984; ზმნური და სახელური ფუძეთქმნადობის პრობლემა ქართველურ ენებში, თბ., 2001; ქართული მეტყველების კულტურა, თბ., 2004; ენა ჩვენი არსობისა, თბ., 2013; „ვეფხისტყაოსნის“ თავგადასავალი, თბ., 2016; მარადული თანამედროვე შტრიხები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებითი პორტრეტისათვის, თბ., 2020.