ალასტანელები, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის გვერდითი შტოს წარმომადგენლები, ე. წ. „პროვინციის მეფეები“ XIV ს. საქართველოში.
ზედწოდება „ალასტანელს“ პირველად ლაშა გიორგის უწოდებდნენ, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ თამარის ძის საუფლისწულო მამულის ცენტრი სოფ. ალასტანში მდებარეობდა. ლაშა გიორგის უფლისწულობა — „ალასტანელობა“ იყო XIV ს. დამდეგისათვის ალასტანელ „პროვინციის მეფეთა“ შტოს წარმოქმნის ერთ-ერთი საფუძველი. ლაშა გიორგის ერთმეფობიდან ჯავახეთ-თრიალეთის საუფლისწულოს დიდი ნაწილი სამეფო დომენი გახდა. მაგრამ ეს ვითარება არ ჩანს გავრცელებული ალასტანსა და მის მიმდებარე რეგიონზე. იგი მთელი XIII ს. განმავლობაში. საუფლისწულო მამულად უნდა ყოფილიყო დატოვებული, რამაც ერთგვარად ხელი შეუწყო ჯავახეთის მამულებისაგან ამ რეგიონის იზოლირებას. „ძეგლი ერისთავთას“ ცნობით, 1302 ვახტანგ III-მ დავით VIII-ს სამფლობელოდ გადასცა ჯავახეთი და ალასტანი. დავით VIII-ის მფლობელობის შედეგად ალასტანის რეგიონი კიდევ უფრო გამოკვეთილ ერთეულად ჩამოყალიბდა, ხოლო დავით მეფის გარდაცვალების შემდეგ (1310) მისი შთამომავლები საქართვ. სამხრ. რეგიონებში ე. წ. ალასტანელ „პროვინციის მეფეებად“ მოგვევლინენ.
ალასტანელი „მეფეებიდან“ ცნობილი არიან შემდეგი ბაგრატიონები: დავით VIII-ის ძე – მელქისედეკ „დიდი“ (1311–20), მისი მეუღლე – „პატრონი“ დედოფალი თამარი (1320–40) და ძე გიორგი; მელქისედეკის ძმა ანდრონიკე (1340–54), ანდრონიკეს შვილები: დავითი [1354–82, მისი შვილები – გიორგი და ალექსანდრე] და გიორგი ალასტანელი „დიდი“ (1354–73), მისი მეუღლე შუენიერი. ეს გიორგი არის მეორე ბაგრატიონი, რ-ის ზედწოდებადაც წყაროებით დასტურდება „ალასტანელი“. ა-ის ცენტრ. სამფლობელო იყო ჯავახეთის გარკვეული მამულები, უპირველესად ალასტანი და მისი მიმდებარე ტერიტორია, რ-იც ძირითადად შემდეგდროინდელი ტყე-ჯავახეთის ნაჰიეს საზღვრებში ჯდება. ისტ. დოკუმენტებით დასტურდება მათი მფლობელობა ისტ. სომხეთის გარკვეულ რეგიონებშიც, აგრეთვე ქვემო ქართლში, კერძოდ, ლორის მხარეში. ანდრონიკეს და მის ძეს დავითს სამფლობელოები ჰქონდათ შიდა ქართლშიც.
XIV ს. 80-იანი წლების ბოლოს ა-ის სამფლობელო რეგიონებში „პროვინციის მეფეთა“ მფლობელობისათვის საჭირო პირობების გაქრობის გამო ბაგრატიონთა ამ შტოს წარმომადგენლებმა სამფლობელოები დაკარგეს, მ. შ. ჯავახეთის მამულებიც, რის გამოც მათი არსებობა შეწყდა. უკანასკნელი ალასტანელი „მეფეებიდან“ ერთი 1373 დაიღუპა ლორესთან, მეორის მოღვაწეობის ზედა საზღვარი კი 1382-ით თარიღდება. 1392 საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარით ალასტანი და ჯავახეთის ახლომდებარე მამულები გაერთიანებულია ე. წ. ისტ.-გეორგ. „მიკროქვეყანაში“ — ზვარეთში, რ-იც ამ პერიოდიდან მცხეთის საკათალიკოსოს კუთვნილებად იქცა.
ლიტ.: კაკაბაძე ს., ვეფხსიტყაოსნის პრობლემის გარშემო, «საისტორიო მოამბე», 1924, [ტ.] 1; მისივე, მეფე გიორგი ანდრონიკეს შვილი ალასტანელი, წგ.: წვრილი შტუდიები საქართველოს ისტორიის საკითხების შესახებ, ტფ., 1914; მისივე, დავითი — უცნობი XIV საუკუნის მეფე, წგ.: წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის, წგნ. 1, ტფ., 1914; ნინიძე დ., სოფელ ალასტანის ისტორიიდან, კრ.: მასალები საქართველოს სოფლების ისტორიისათვის, ნაკვ. 3, თბ., 1987; მისივე; ვახტანგ III-ის გარდაცვალების თარიღისათვის, ახალგაზრდა მეცნიერთა შრომები (ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სერია), [ტ.] 14, თბ., 1987;მ ი ს ი ვ ე, პროვინციის მეფეები XIV—XV საუკუნეების საქართველოში, თბ., 1995; ოდიშელი ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის (XIV–XVII სს.), კრ.: XIV–XVIII სს. რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი, თბ., 1964.
დ. ნინიძე