კერესელიძე არჩილ (ტუხა) პავლეს ძე (24. XII. 1912, დაბა ღუნიბი, დაღესტანი, – 21. XII. 1971, თბილისი), კომპოზიტორი და პედაგოგი.
საქართვ. სახ. არტისტი (1961), ჩრდ. ოსეთის ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1958). ზ. ფალიაშვილის სახ. პრემიის ლაურეატი (1973, სიკვდილის შემდეგ). 1934 დაამთავრა თბილ. კონსერვატორია (ა. ვირსალაძის საფორტეპიანო და მ. ბაგრინოვსკისა და ს. ბარხუდარიანის საკომპოზიციო კლასები), 1939 – მოსკოვის კონსერვატორიის საკომპოზიციო განყ-ბა (დ. კაბალევსკისა და ნ. მიასკოვსკის კლასები). 1940–44 იყო თბილ. კონსერვატორიის პედაგოგი (პოლიფონია), 1940–46 – კ. მარჯანიშვილის სახ. დრამ. თეატრის მუს. ნაწილის გამგე; 1953–71 – კინოსტუდია „ქართული ფილმის" მუს. რედაქტორი. მისი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ოპერა „ბაში-აჩუკი" (1956; დაიდგა თბილისსა და ქუთაისში), ბალეტი „ნაზიბროლა" (1947), მუს. კომედიები – „თბილისის ცის ქვეშ" (1949), „მთვარიდან დაბრუნება" (1963), „ალუბლის ყვავილობა" (1965) და სხვ.; სიმფონია (1940), 2 საფორტეპიანო კონცერტი (1941, 1949); მუსიკა სპექტაკლებისათვის: „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი", „მეფე ერეკლე", „ძველი ვოდევილები", „მაია წყნეთელი", „ხარატაანთ კერა" (კ. მარჯანიშვილის თეატრის დადგმები) და სხვ. მუსიკა მხატვრული კინოფილმებისთვის: „ქეთო და კოტე" (ვ. დოლიძის ოპერის მუს. რედაქცია და რამდენიმე ორიგინალური ნომერი, მ. შ. „გინდ მეძინოს" 1948), „ბედნიერი შეხვედრა" (1949) „გაზაფხული საკენში" (1950), „მაგდანას ლურჯა" (1955), „ჩვენი ეზო" (1956), „ფატიმა" (1958), „სხვისი შვილები" (1958), „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1962, ნ. ვაწაძესთან ერთად), „დიდოსტატის მარჯვენა" (1969). შექმნა პოპულარული სიმღერები, მ. შ. „ყელსაბამი" (ქართ. ტელევიზიის მუს. ემბლემა წლების განმავლობაში), რომანსი „ვედრება" (გ. ტაბიძის ლექსზე „დედაო ღვთისავ") და სხვა მრავალი.
კ-ის მუსიკისათვის დამახასიათებელია მელოდიურობა, სახოვანება, ნათელი კოლორიტი, მკაფიოდ გამოხატული ეროვნ. სტილი.
კ. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
წყარო: საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი: (1914–1918), ქართული ემიგრაცია, თბ., 2013, №1(4).
ლიტ.: ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994; ი ა შ ვ ი ლ ი მ., არჩილ კერესელიძე, თბ., 1977.
გ. ტორაძე