კერესელიძე გიორგი მათეს ძე

გ. კერესელიძე

კერესელიძე  გიორგი მათეს ძე [17. III. 1885, გორი, – 1960, საფრანგე­თი (დაკრძალულია ვეზინეს სასაფლაოზე)], პოლიტიკური და სა­ზოგადო მოღვაწე, სა­ქარ­თველოს ეროვნულ-განმათ. მოძრაობისა და ქარ­თული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელი, ლ. კერესელიძის ძმა. 1905 რევოლუციის შემდეგ დაწყებულ რეაქციას კ. გაერიდა და 1906 ცოლ-შვილთან ერთად წავიდა შვეიცარიაში, სადაც ჟენევის უნ-ტის სტუდენტი გახდა. მალე რუსეთმა პოლიტ. საქმიანობის გამო ძმები კერესელიძეების გადაცემა მოითხოვა. შვეიცარიის სასამართლოზე ბელგიელმა ავტორიტეტულმა საერთაშ. სამართალმცოდნე ერნესტ ნისმა მათ დასაცავად წარმოთქვა სიტყვა: რ-შიც აღნიშნა, რომ რუსეთმა დაარღვია 1783 ხელშეკრულება, ამიტომ ქართველთა ყველა ქმედება პოლიტ. ბრძოლაა და დაუშვებელია ძმების რუსეთისათვის გადაცემა. სასამართლომ ბრალდებულები გაამართლა.

1910 კ. პ. სურგულაძის თაოსნობით დაფუძნებული „ქართველ სეპარატისტთა ჟენევის ჯგუ­ფის" წევრი გახდა. მათ დააარსეს ჟურნ. „თავისუფალი სა­ქარ­თვე­ლო" (1913–14), რ-ის ერთ-ერთი რედაქ­ტორი იყო კ. ჯგუფის წევრები გერმანიას თვლიდნენ ყველაზე რეალურ ძალად, რ-საც შეეძლო სა­ქარ­თვე­ლოს დახმარება. ამიტომ I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დაუკავშირდნენ გერმანიის მმართველ წრეებს, ჟე­ნევიდან ბერლინში გადავიდნენ და „საქარ­თვე­ლოს დამოუკიდებ­ლობის ეროვნული კომიტეტი" შექმ­ნეს (პ. სურგულაძე, ძმები ლ. და გ. კერესელიძეები, ნ. ­მაღალა­შვი­ლი, ვ. ჩერქეზი­შვი­ლი, მ. წერეთელი, გ. მაჩაბელი და სხვ.). კ. რედაქტორობდა კომიტეტის მიერ დაარსებულ „ქარ­თულ გაზეთს" 1916–18, 1918–21 იყო სა­ქარ­თველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს, 1919-იდან – დამფუძნებელი კრების წევრი. საბჭ. რუსეთის მიერ სა­ქარ­თველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის შემდეგ (1921), კ. ემიგრაციაში წავიდა. იყო გაზეთ „თეთრი გიორგის" რედაქციის წევრი და ერთ-ერთი ავტორი. II მსოფლიო ომის წლებში (1939– 45) თანამ­შრომლობდა ბერლინში ხელისუფლების მიერ შექმნილ „კავკასიის სამმართველოსთან" (ხელმძღვ. ვ. ახმეტელი). პოლიტ. საკითხების გარდა, იღვწოდა ქართველ ტყვეთა გათავისუფლებისათვის.

რ. დაუ­შვი­ლი