კერესელიძე თამაზ სერგოს ძე (18. VIII. 1925, თბილისი, – 28. XII. 1998, იქვე), მიკრობიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1973), პროფესორი (1976), საქართვ. მედ. მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი (1994). 1948 დაამთავრა თსსი. 1948–50 მუშაობდა თბილისის მიკრობიოლოგიის, ეპიდემიოლოგიის და ბაქტერიოფაგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. 1952–59 იყო ამავე ინ-ტის ლაბორატორიის გამგე; 1959–60 – კანის და ვენეროლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ექსპერ. განყ-ბის გამგე; 1964–66 – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი სამხრ.-აღმ. აზიაში (ინდოეთი); 1966–70 – ინფექციურ დაავადებათა განყ-ბის სპეციალისტი, ხოლო 1979–84 – მთ. სპეციალისტი (პროგრამის ხელმძღვანელი) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბ-ბინაში (შვეიცარია); 1972–76 – საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მთ. ეპიდემიოლოგი (შეთავსებით); 1974–79, 1984–92 – თსსი-ის მიკრობიოლოგიის კათედრის გამგე, 1992–98 – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოორდინატორი საქართველოში.
კ. დიდი ხნის განმავლობაში ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნ. მუშაობას ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. მისი სამეცნ. ინტერესების სფერო იყო განსაკუთრებით საშიში ინფექციური სნეულებების ეპიდემიოლოგია და პროფილაქტიკა.
კ-ის მიერ ი. როტასთან (ჩეხოსლოვაკია), დ. კრაუზესთან (აშშ), ჟ. კოსთან (საფრანგეთი), ბ. ცვეტნოვიჩთან (იუგოსლავია) ერთად შემუშავდა სამეცნ. დოკუმენტები სხვადასხვა ინფექციების დიაგნოსტიკისა და პროფილაქტიკის შესახებ, რაც საფუძვლად დაედო ამ პრობლემებისადმი მიძღვნილ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საექსპერტო კომიტეტის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას. კ. აირჩიეს ჰოსპიტალური ინფექციების და ანტიბიოტიკების სამეცნ. საზ-ბების წევრად (აშშ, ინგლისი). სამეცნ. და პედაგოგიურ საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჟენევაში დააჯილდოვა „ბიფურკაციის ნემსის ორდენით" (1980). ის იყო პირველი ქართველი მკვლევარი, რ-მაც აღნიშნული ორდენი „ყვავილის" წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიიღო.
კ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი, რ-ებიც ეხება მიკრობიოლოგიის და ეპიდემიოლოგიის აქტუალურ საკითხებს (აქედან 3 მონოგრაფიაა). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები მ. შ. ღირსების ორდენი (1997).
თხზ.: ეპიდემიოლოგია. სახელმძღვანელო, თბ., 1981 (თანაავტ.); Международные аспекты борьбы с холерой, М., 1971.