კერესელიძე ივანე ივანეს ძე

კერესელიძე ივანე ივანეს ძე  [10(22). XI. 1829, თბილისი, – 21.XII.1892 (2. I. 1893), იქვე], პუბლიცისტი, მწერალი, საზ. მოღვაწე, რედაქტორ-გამომცემელი.

1850 დაამთავრა თბილ. პირველი გიმნაზია. 1851 სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა მიიწვია ზუგდიდში შვილების აღმზრდელმასწავლებლად. 1852-იდან დაიწყო საგამომცემლო მოღვაწეობა. 1854-იდან მეთაურობდა ქართ. დრამ. დასს. 1857 იანვარს აღადგინა და გამოსცა ჟურნ. „ცისკარი", რ-საც ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და 18 წლის განმავლობაში. 1862 დააარსა ჟურნ. „გუთნის-დედა", 1887-იდან უშვებდა გაზ. „ცისკარს".

კ-ის პირველი ლექსები დაიბეჭდა 1851 გაზ. „ზაკავკასკი ვესტნიკში". შემდეგ იბეჭდებოდა „დროებაში", „იმედში", „ივერიაში" და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. მისი ლექსები „შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი" და „ჩემო თვალის სინათლევ" პოპულარულ სიმღერე­ბად იქცა. 1855 ცალკე წიგნად გამოიცა კ-ის პოემები, 1859 – ლექსთა პირველი კრებული. კ-ს ურთიერთობა ჰქონდა ა. დიუმასთან (მამა) მისი კავკასიაში მოგზაურობის დროს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ნ. ხომერიკი