კერესელიძე ლეო მათეს ძე (1883 – 23. XI. 1942), სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, საქართველოს ეროვნულ-განმათ. მოძრაობისა და ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი, გ. კერესელიძის ძმა. საქართვ. დემოკრ. რესპ. ეროვნული არმიის გენერალი (1918). ფილოსოფიის დოქტორი (1902). დაამთავრა ჟენევის უნ-ტი და ერთხანს იქვე მოღვაწეობდა პრივატ-დოცენტად.
1913–14 გ. კერესელიძესთან და სხვებთან ერთად ჟენევაში გამოსცემდა ჟურნ. „თავისუფალ საქართველოს". იმავე ხანებში ხელმძღვანელობდა „ქართველ სეპარატისტთა ჟენევის ჯგუფს". I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე 1914 ჟენევაში შეიქმნა „საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნული კომიტეტი", რ-შიც შევიდნენ კ., გ. კერესელიძე, პ. სურგულაძე, მოგვიანებით გ. მაჩაბელი და მ. წერეთელი. კომიტეტმა კ-ის ინიციატივით კავშირი დაამყარა გერმანიის სარდლობასთან, მათთან შეთანხმებით გადავიდა სტამბოლში და გერმანიის სარდლობასთან ერთად შეუდგა ქართ. ლეგიონის შედგენას. კ-მ და გერმ. ოფიცერმა ფონ კიშკემ ლეგიონი შექმნეს ოსმალეთში, ლაზისტანის ქ. ვიწეში. პირველ შემადგენლობაში შედიოდა 70 მებრძოლი, რ-ებსაც კ. მეთაურობდა. 1916 ოსმალეთის სარდლობამ არ ისურვა თავის ტერიტორიაზე ქართ. ლეგიონის არსებობა და გერმანიის სარდლობას მოსთხოვა მისი დაშლა. 1918 ეს სამხ. დაჯგუფება სრული შემადგენლობით საქართვ. ეროვნ. არმიაში შევიდა.
1916–18 ლ. და გ. კერესელიძეების თაოსნობით ბერლინში გამოდიოდა „ქართული გაზეთი", რ-მაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს განთავისუფლებისათვის ბრძოლაში. 1918–21 კ. თავდაპირველად იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნ. საბჭოს, შემდეგ კი დამფუძნებელი კრების წევრი (1919-იდან). საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის (1921 თებ.-მარტი) შემდეგ, კ. ემიგრაციაში წავიდა. 1939-მდე ცხოვრობდა საფრანგეთში, ხოლო 1939–42 – გერმანიაში. 1924 მისი მონაწილეობით პარიზში დაარსდა ქართველ პატრიოტთა ორგანიზაცია „თეთრი გიორგი". კ-ს ეკუთვნის ქართ. ემიგრანტულ პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული არაერთი პუბლიც. წერილი. 1918 ჟენევაში ფრანგულ ენაზე გამოსცა წიგნი „აღმოსავლური ფანტაზიები" („Fantasies Orientales"). დაჯილდოებულია თამარ მეფის ორდენით.
ლიტ.: ს ა ლ ი ა კ., საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი პირველი მსოფლიო ომის დროს, «ბედი ქართლისა», პარიზი, 1962, №39–40; ს ი ო რ ი ძ ე მ., საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი (1914–1918), ბათ., 1998; ს უ რ გ უ ლ ა ძ ე ა., ს უ რ გ უ ლ ა ძ ე კ., ქართული ლეგიონი თურქეთში, ბათ., 1994.
ლ. ურუშაძე