აჰმედ-ფაშა ჯაყელი

აჰმედ-ფაშა ჯაყელი (გ. 1758), ახალციხის ფაშა 1745–58, ისაყ I-ის ძე.

ა. სამთუღიანი (იხ. თუღი) ფაშა იყო და სულთნის ვეზირად ითვლებოდა. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ახალციხის საფაშოში მაჰმადიანობის შემდგომ გავრცელებასა და მუსლიმანთა საკულტო ნაგებობების მშენებლობას. მისი განკარგულებით ააგეს ახალციხეში აჰმედის სახ. დიდი მეჩეთი, რ-თანაც დააარსეს სას. სასწავლებელი და ბ-კა.

მის დროს განსაკუთრებით გაუარესდა საქართველოს მდგომარეობა. ახალციხის ფაშა თვითონ აწესებდა იმერეთის სამეფოდან თურქებისათვის მისაყიდ ტყვეთა რაოდენობას. როცა იმერეთის მეფე სოლომონ I-მა თურქებს ხარკი შეუწყვიტა, სულთან მუსტაფა III-ის დავალებით ა. დაუკავშირდა არზრუმისა და ყარსის ფაშებს, დაღ. ფეოდალებს და 1757 წ. 40-ათასიანი ლაშქარი გაგზავნა იმერეთში. სოლომონმა ხრესილის ველზე სასტიკად დაამარცხა ოსმ. ჯარი (იხ. ხრესილის ბრძოლა 1757). ამ მარცხის გამო სულთანმა ა. თანამდებობიდან გადააყენა და ციხეში ჩასვა. ა. ციხიდან გაიპარა, მაგრამ მალე ხელახლა დაატყვევეს და სულთნის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.

ლიტ.: ლომსაძე შ., ახალციხის მხარის ისტორიიდან, კრ.: საქართველოს სოციალ-ეკონომიური განვითარების ისტორიიდან (XIX ს.), თბ., 1973.

შ. ლომსაძე