ახტალა

ახტალა, ტალახით სამკურნალო ბალნეოლოგიური კურორტი ალაზნის ველზე, გომბორის ქედის ჩრდ.-აღმ. ფერდობების ძირში. გურჯაანიდან დაშორებულია 0,5 კმ-ით, თელავიდან – 25 კმ-ით, თბილისიდან – 145 კმ-ით. ზ. დ. 410 – 430 მ.

მიმდებარე მთის ფერდობები ფოთლოვანი ტყით არის დაფარული. ჰავა ზომიერდ კონტინენტურია. ზამთარი რბილია და უთოვლო (იანვ. საშ. ტემპ-რა – 0,9°C), ზაფხული თბილია (აგვ. საშ. ტემპ-რა 23,6°C). ნალექების წლ. ჯამი 741 მმ. ხშირია სუსტი მთა-ხეობათა ქარები. ძირითადი ბუნებრივი სამკურნ. ფაქტორია ა-ის ფსევდოვულკანური წარმოშობის ტალახი და დაბალმთის ჰავა.

მას მოიხსენიებენ ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.), ისტორიკოსი პ. იოსელიანი და ექიმი ა. მესხიშვილი (XIX ს.). ა-ის ტალახის სამკურნ. თვისებების საფუძვლიანი შესწავლა დაიწყო კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნ.-კვლ. ინტ-ში (დაარსდა 1928) დ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით.

სამკურნ. ტალახის საბადოს 4,5 ჰა უკავია. მორიგეობით მოქმედებს ტალახის 9 ბორცვი. ტალახის საერთო დებიტია 37 – 47 მ³, აქვს თხევადი კონსისტენცია, ნაცრისფერია, სიმკვრივე – 1,2 გ/სმ³. ტალახს აცხელებენ შესაბამის (36 – 48°C) ტემპ-რამდე და იყენებენ აბაზანებისათვის, აპლიკაციებისა და ტამპონებისათვის, ძვალ-სახსროვანი, პერიფერიული, ნერვული, შარდ-სასქესო სისტემების, გინეკოლ. და ზოგიერთი სხვა დაავადების დროს.

კურორტზე არის სანატორიუმი, ფუნქციონირებს სტაციონარი, ტალახსამკურნ. და სხვა საკურორტო დაწესებულებები. სეზონი – მაისი – დეკემბერი.

გ. უშვერიძე