ახალციხე

ახალციხე, ქალაქი სამხრ. საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტის ცენტრი. (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი). გაშენებულია ახალციხის ქვაბულში, მდ. ქვაბლიანის ნაპირას. საავტ. გზების კვანძი. ზ. დ. 1000 მ, თბილისიდან 207 კმ. 17,9 ათ. მცხ. (2014).

ა-ში მთის სტეპის ჰავაა, იცის ცივი, მცირეთოვლიანი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. იანვ. საშ. ტემპ-რა –3,8°C, აგვ. 20,5°C; აბსოლ. მინ. –32°C, აბსოლ. მაქს. 39°C. ნალექების წლიური რაოდენობა – 400 – 600 მმ.

ა. წყაროებში პირველად XII ს-იდან იხსენიება. XIII ს. II ნახევარში ციხე-ქალაქი სამცხის ათაბაგ ჯაყელს ეკუთვნოდა და XVII ს-მდე ამ საგვარეულოს სამფლობელო იყო. ა. სამცხის (ზემო ქართლის) მნიშვნელოვან სავაჭრო, კულტ. და ადმ. ცენტრს წარმოადგენდა. 1578 ოსმალებმა დაიპყრეს. 1628-იდან ახალციხის საფაშოს ცენტრი გახდა. XVII – XVIII სს-ში ლეკი ფეოდალების მიერ ტყვე ქრისტიანებით ვაჭრობის მთავარი ბუდე იყო. 1828 გენ. ი. პასკევიჩის ჯარებმა აიღეს. 1829, ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების თანახმად, რუს. იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. 1840-იდან მაზრის ცენტრი იყო. 1846 ქუთ. გუბერნიის, შემდეგ კი თბილ. გუბერნიის სამაზრო ქალაქი გახდა. 1853 ნოემბერში, ყირიმის ომის დროს, ა-თან რუს-ქართველთა ჯარის ნაწილებმა გენ. ი. ანდრონიკაშვილის სარდლობით სასტიკად დაამარცხეს ოსმალები. 1918 ივნ. ქალაქი ოსმალებმა დაიკავეს. 1921 წ. 8 მარტს ა-ში შევიდნენ რუს. მე-11 წითელი არმიის ნაწილები.

ქალაქში არის საჯარო, სამუსიკო და სპორტ. სკოლები, სკოლა-ინტერნატი, სამედ. სას.-სამ. და სასულიერო სასწავლებლები, თბილისის ი. ჯავახიშვილის სახ. სახელმწ. უნტ-ის ფილიალი, ა-ის დამოუკიდებელი უნ-ტი, ბ-კა, სამცხე-ჯავახეთის ი. ჯავახიშვილის სახ. ისტ. მუზეუმი, მესხეთის დრამ. და თოჯინების სახელმწ. თეატრები.

ა. ადგილ. მნიშვნელობის ბალნეოლ. კურორტია. სამკურნ. ფაქტორი: თერმული მინერ. წყალი (ტემპ-რა 38°C) ქიმ. შემადგენლობით განეკუთვნება ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ მაგნიუმ-ნატრიუმიანი წყლების ჯგუფს. მინერალიზაცია – 9 გ/ლ. წყლის დებიტი 0,5 მლნ. ლ/დღ-ღ. იყენებენ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლ. და კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ.

მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება შპს „ახალციხის კლინიკა იმედი“ და სს „ევექსის ჰოსპიტლები“.

მდ. ქვაბლიანის მარცხ., მთაგორიან ნაპირზე განაშენიანებულია ქალაქის ძვ. ნაწილი, ე. წ. რაბათი და დიდი ციხესიმაგრე, რ-შიც წინათ ა-ის მფლობელ ათაბაგთა სასახლე იყო. მრავლადაა შემორჩენილი ეკლესიების, სავაჭრო დაწესებულებების (ქარვასლების) და სხვ. ნაშთები, XVIII ს. აბანო, რ-ის კედლებშიც რომელიღაც ეკლესიის ჩუქურთმებიანი ქვებია ჩაყოლებული, და მეჩეთი. საცხოვრებელ ნაგებობათაგან აქ არსებობდა მესხური ტიპის დარბაზების საუკეთესო ნიმუშები, რ-თაგან დღეისათვის რამდენიმეა შემონახული. წმ. მარინეს ეკლესია 1865 ხელმეორედაა აშენებული. ძვ. შენობის მოჩუქურთმებული ქვები ახ. შენობის კედლებშია ჩაყოლებული. სხვა ეკლესიები XIX ს-შია აგებული. ა-ში არის აგრეთვე სომხ. ეკლესია და სინაგოგა. მდინარის მარჯვ. ნაპირი ვაკეა. აქ ქალაქის უბნები მხოლოდ XIX ს-ში განაშენიანდა, მას შემდეგ, რაც ა. კვლავ საქართველოს შემოუერთდა. ქალაქის ამ ნაწილსაც ბორცვები აკრავს და ზოგი უბანი ფერდობებზეა შეფენილი. ქალაქის ორივე ნაწილი 1951 აგებული ხიდითაა დაკავშირებული. ახ. ნაწილში ბევრი ძვ. შენობაა შემონახული (ბანით გადახურული ერთსართულიანი საცხოვრებლები). ქალაქის ბაღში დგას შოთა რუსთაველის ძეგლი (მოქანდაკე ვ. თოფურიძე, 1938), 1966 შოთა რუსთაველის საიუბილეო დღეებში ქალაქის მოედანზე ზეიმით გაიხნსა პოეტის ახ. ძეგლი (მოქანდაკე გ. თოიძე). 1967 კვლავ აღდგა ქართ. თეატრი (იხ. მესხეთის დრამატული თეატრი), რ-ის 700-ადგილიანი შენობა აშენდა 1974 (არქიტ. ი. კახიანი). ა-ში ბევრი ახ. საზ. დანიშნულების შენობაა. ა-ის გენ. გეგმა შედგა 1955 (არქიტექტორები ა. ნიკოლაიშვილი, ნ. ფარემუზოვა, ე. ბაგრატიონი, ვ. გოგიჩაიშვილი; ეკონომისტი ლ. ლორთქიფანიძე). 1975 დამუშავდა ახ. გენ. გეგმა (არქიტექტორები: ვ. გოგიჩაიშვილი, მ. ჯიბლაძე; ეკონომისტები: ე. სალაყაია, ც. გომელაური, ნ. ახალკაციშვილი).

ლიტ.: იხ. სტ-თან ახალციხის რაიონი.

გ. უშვერიძე

შ. საღარაძე

დ. ბერძენიშვილი

ე. ბაგრატიონი