ახალქალაქი

ახალქალაქი, ქალაქი სამხრ. საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ცენტრი. (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი).

გაშენებულია ახალქალაქის პლატოზე, მდინარეების ფარავნისა და მურჯახეთისწყალს შორის. რკინიგზის სადგური, საავტ. გზების კვანძი. ზ. დ. 1710 მ, თბილისიდან 278 კმ; (ქ. ახალციხის გავლით). 8,3 ათ. მცხ. (2014).

ა-ში მთის სტეპის ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 4,9°C. იანვ. –7,3°C, აგვ. 16°C; აბსოლ. მინ – 38°C, აბსოლ. მაქს. 34°C. ნალექები 550 მმ წელიწადში.

არქეოლ. გათხრებმა ცხადყო, რომ ა-ის მიდამოებში ადამიანს უძველესი დროიდან უცხოვრია. არქეოლ. ექსპედიციამ 1960 (ხელმძღვ. გ. გრიგოლია) ა-ის მახლობლად შეისწავლა აშელის ზედა საფეხურის ღია ტიპის ნამოსახლარები. ე. წ. „ახალქალაქი I“ მდებარეობს ქალაქის სამხრ-ით 1 კმ-ზე, მდ. ფარავნის მარცხ. ნაპირის 16 მ სიმაღლის ტერასაზე, „ახალქალაქი II“–ქალაქის სამხრ.-დას-ით 1,5 კმ-ზე, მდ. მურჯახეთისწყლის მარჯვ. ნაპირის 10 – 12 მ სიმაღლის ტერასაზე. მიწის ზედაპირზე შეგროვებულია ანდეზიტისა და ბაზალტისაგან ნაკეთები ხელცულები, საჩეხი იარაღი, სახოკები, ნუკლეუსები და ანატკეც-ანამტვრევები. 1960 დაიწყო და ხანგამოშვებით მიმდინარეობს არქეოლ. გათხრები ნაქალაქარზე (ხელმძღვ. გ. ლომთათიძე, ე. ჯანდიერი). ძვ. ა. (ისტ. ჯავახეთის ა.) მდებარეობდა თანამედროვე ქალაქის ჩრდ.-დას-ით, მდ. ფარავნისა და მურჯახეთისწყლის შესართავს შორის მოქცეულ კონცხზე (ფართ. 18 ჰა). კონცხის ციცაბო ნაპირს მიუყვებოდა ქვის მაღალი და სქელი გალავანი, რ-იც მრავალი კოშკითა და ბურჯით იყო გამაგრებული. ნაქალაქარის სამხრ. ნაწილში მდებარეობდა შიდაციხე, მდინარის ჭალაში შემორჩენილია თლილი ქვით შემოსილი საყდრის ნანგრევები. გათხრების შედეგად შუა საუკ. ქალაქის ქვეშ აღმოჩნდა წინა ანტ. დროის ნამოსახლარები. გაირკვა, რომ ადრინდ. შუა საუკ. დასასრულს კონცხის ჩრდ-ით არსებობდა სოფელი. გაითხარა ქვითა და თიხით ნაშენი სახლები (ქვები ზოგჯერ დიდია, წყობა – „ფსევდოციკლოპური“), აგრეთვე პირუტყვის სადგომები, კერები და სხვ.

ნაქალაქარზე გაითხარა ე. წ. თავისუფალი ჯვრის ტიპის IX – X სს. გუმბათოვანი ეკლესიის ნაშთები, რ-ის საძირკველში ჩატანებულია V – VI სს. სტელის ფრაგმენტები ეკლესია განუახლებიათ XII–XIII სს. მიჯნაზე (ხუროთმოძღვარი ისდიაგი). ექსპედიციამ შეისწავლა აგრეთვე ქალაქის კარიბჭე, X – XIII სს. ხელოსანთა უბანი, 1725 აგებული მეჩეთი, XI ს. 3 საიდუმლო გვირაბი (რ-თაგან ერთი შიდაციხიდან ჩადის მდ. ფარავანზე, 2 კი – საკუთრივ ქალაქიდან) და სხვ. აღმოჩნდა X – XIII სს. ბიზანტ. და ქართ. (რუსუდანის, ულუ დავითის ) და XIV ს. ქართულ-ჰულაგუიანური მონეტები, XVII – XVIII სს. ოსმ. ახჩები, XIX ს. ქართული თეთრი და მოჭიქული ჭურჭელი, გვიანდ. შუა საუკ. თურქ. ფაიანსისა და მინის ნაწარმი.

გათხრებმა ზოგადად დაამოწმა, შეავსო და ნაწილობრივ შეასწორა წერილობითი წყაროების ცნობები ა-ის ისტორიის შესახებ. მოხერხებული მდებარეობის გამო IX – X სს-ში სოფელი ქალაქად გადაიქცა. X ს-იდან ა. ჯავახეთთან ერთად საუფლისწულო მამული იყო. თავდაპირველად ა-ს ზღუდე არ ჰქონდა და სამხრ-იდან მხოლოდ ციხე იცავდა. XI ს. 40-იან წლებში აშენდა ქალაქის ზღუდე (კარიბჭეში აღმოჩნდა ბაგრატ IV-ის დედის, მარიამის ასომთავრული წარწერა). იმავე დროს გადაკეთდა გაფართოვდა ციხე, რ-იც ა-ის შიდაციხედ იქცა.

XI – XIII სს-ში ა. წარმოება-ვაჭრობის მნიშვნელოვანი კერა იყო. XI ს-ში ა. გახდა ჯავახეთის პოლიტ.-ეკონ. ცენტრი (შეცვალა წუნდა). ამავე საუკუნის 60-იან წლებში ა. ალფ-არსლანის ურდოებმა ააოხრეს და „შეიღება წყალი ახალქალაქისა სისხლითა“ (ქართლის ცხოვრება). XIII ს-ში ა. წარმოადგენდა საერისთავოს. მისი ერისთავები იყვნენ თორელები. XIII ს-ში ქალაქი გადაწვეს მონღოლებმა. XV ს-ში ა-ს სამცხის ერისთავები – ჯაყელები დაეპატრონენ. 1535 ა. ბაგრატ III იმერთა მეფესა და ყვარყვარე ათაბაგს შორის ბრძოლის ასპარეზად იქცა. ქალაქი ძალზე დაზიანდა. XVI ს. 50-იან წლებში ა. შაჰ-თამაზის ურდოებმა აიღეს, XVI ს. ბოლოს კი ოსმალებმა დაიპყრეს. ოსმალებმა აღადგინეს ა-ის ციხე. იგი ჩილდირის საფაშოს შემადგენლობაში შევიდა და სანჯაყის ცენტრად ითვლებოდა. XVIII ს. 70-იან წლებში ერეკლე II-მ რამდენიმეჯერ სცადა ა-ის განთავისუფლება. 1811 ა. რუს. ჯარმა აიღო, მაგრამ 1812 ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების თანახმად ოსმალეთს დაუბრუნდა. 1828 ივლ. რუს-ქართველთა სამხრ. ნაწილებმა ი. პასკევიჩის მეთაურობით აიღეს ა., რ-ის შეერთება რუს. იმპერიასთან დაადასტურა ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებამ (1829). ა-ის შემოერთების შემდეგ ჯავახეთის მაჰმადიანი ქართველები მეფის რუს. ხელისუფლებამ აიძულა თურქეთში გადახვეწილიყვნენ და მათ ადგილზე არზრუმის ვილაიეთიდან სომხები ჩამოასახლა. XIX ს. შუა ხანებში ძვ. ქალაქის გვერდით გამოჩნდა ახალი ქალაქი. 1874 ა. სამაზრო ცენტრი გახდა. ბათუმის კონფერენციის (1918) გადაწყვეტილებით ა. სამცხე-ჯავახეთთან ერთად 1918 ივნის-ოქტომბერში ოსმალეთს ეპყრა. იმავე წლის ნოემბერში მთელი ეს ტერიტორია საქართველოს რესპუბლიკამ დაიბრუნა. 1921 თებ-ში, როცა რუს. მე-11 წითელი არმია ქვემო ქართლის საზღვარზე გადმოდიოდა, ქემალისტური თურქეთის (ოსმალეთის) სამხედრო ნაწილებმა ზემო ქართლის საზღვარი გადმოლახეს და კვლავ მიიტაცეს კოლა-არტაანი. ოსმალებმა დაიკავეს ა-ც. 1921 მარტში ა-ში შევიდნენ წითელი არმიის ნაწილები.

ა-ში არის ყველ-კარაქის, რძისა და ლუდის ქ-ნები, საჯარო სკოლები. სკოლა-ინტერნატი, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება სს „ევექსის ჰოსპიტლები.“

1975 დამუშავდა ქალაქის გენ. გეგმა (არქიტ. ვ. გოგიჩაიშვილი, ეკონომისტი ც. გომელაური). ქალაქი განაშენიანებულია 3, 4 და 5-სართულიანი სახლებით. ქუჩები კეთილმოწყობილია. ქალაქში არის სკვერები, კულტსახლი (1978, არქიტ. ი. კახიანი).

წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: გრიგოლია გ., ჯავახეთის ქვედა პალეოლითური ძეგლები, «მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის», 1965, ტ. 4; ჯანდიერი ე., ჯავახეთის ახალქალაქის ისტორიისათვის, წგ.: ფეოდალური საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები, [ტ.] 1, თბ., 1969.

დ. თუშაბრამიშვილი

გ. ლომთათიძე

ე. ჯანდიერი

შ. ლომსაძე

ე. ბაგრატიონი