ახალქალაქი

ახალქალაქი (ყოფ. წითელქალაქი), სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის რეგიონი), მტკვრის შუა ხეობის ვაკეზე, მდ. თეძმის მარჯვ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: ა., ახალსოფელი, გარგალი, გარიყულა, გოსტიბე, ერთაწმინდა, ზემო ჩოჩეთი, თეძმისხევი, კაპრაშიანი, რეგიონი ჩაჩუბეთი). ზ. დ. 620 მ, კასპიდან 15 კმ. 1,1 ათ. მცხ. (2014). სოფელშია მაზნიაშვილი გიორგი სახლ-მუზეუმი.

ა. და მისი მიდამოები იშვიათი კლიმ. პირობების გამო, ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვით, „ვენახ-ხილით ნაყოფიერ“ სააგარაკო ადგილს წარმოადგენდა. აქ გადიოდა თრიალეთ-მანგლისისა და შიდა ქართლის დამაკავშირებელი გზა. ა-ის მოურავები თარხნიშვილები (გიორგი სააკაძის შთამომავლები) იყვნენ, სამეფო ხელისუფლების გაუქმების შემდეგ ისინი მთლიანად დაეპატრონენ ქალაქს. XIX ს. დასაწყისიდანვე ა. ქალაქად აღარ იხსენიება. სოფლის შუაგულში დგას გვიანდ. შუა საუკ. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია. თავდაპირველად აქ მცირე ზომის ერთი ნაგებობა მდგარა, შემდეგ დას-ით მეორე, უფრო მოზრდილი, გეგმით სწორკუთხა სათავსი მიუშენებიათ და ორივე მოცულობა დას. კედელში გაჭრილი ფართო თაღით დაუკავშირებიათ ერთმანეთთან. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. კედლები შიგნით და გარეთ შელესილია. პირვანდელ ეკლესიას ღრმა, ელიფსის ფორმის აფსიდი აქვს, საკურთხევლის ორივე მხარეს, კედლის სიღრმეში, თითო სათავსია, მინაშენი შეისრული ფორმის საბჯენ თაღებზე ამოყვანილი ასეთივე ფორმის კამარითაა გადახურული.

ეკლესიის ფასადები მარტივია. აღმ. სარკმლის თავზე დატანებულ მოყვითალო ფერის ქვაზე ამოკვეთილი წარწერიდან ირკვევა, რომ ქალაქი მდ. თეძმის ნაპირზე როსტომ მეფესა და მარიამ დედოფალს აუგიათ (დაახლ XVII ს. 30-იან წწ.) და მისთვის „მეფის ქალაქი“ უწოდებიათ, ხოლო მოთავედ მერაბ ყორღანაშვილია მოხსენიებული. ამავე ხანას მიეკუთვნება რიყის ქვითა და აგურით ნაგები, გეგმით სწორკუთხა, ორსართულიანი სამრეკლო. სოფლის ჩრდ. ნაწილში, განაპირას, გვიანდ. შუა საუკ. თავდაცვითი დანიშნულების, გეგმით სწორკუთხა კოშკი დგას. ნაშენია ძირითადად რიყის ქვით. შესასვლელი II სართულზეა. კედლებში სათოფურებია. დღეისათვის მესამე სართული ნახევრადაა შემორჩენილი.

სოფლის დას. ნაწილში დგას წმ. თევდორეს XIX ს. ერთნავიანი ეკლესია. გარედან ნაშენია ნატეხი და რიყის ქვით, შიგნით კედელ-კამარები აგურითაა ამოყვანილი. კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები (კედლის კუთხეები) ტუფის ქვისაა. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ჩრდ. კედელზე დაშენებულია სამრეკლო. სოფლის შუაში შემორჩენილია გეგმით კვადრატული, 4 კოშკით გამაგრებული ციხე-გალავნის ნანგრევები. ღვთისმშობლისა და წმ. თევდორეს ეკლესიები რესტავრირებულია 1989 – 90. ამავე წლებშია შეკეთებული ციხე-გალავანიც (არქიტექტორები: ი. მოსულიშვილი, ი. შარაშენიძე, ხ. ქომეთიანი).

თ. დვალი

ქ. ნონიაშვილი