ახალქალაქი თრიალეთისა

ახალქალაქი თრიალეთისა (ახლანდ. სოფ. დაშბაში, წალკის მუნიციპალიტეტი), ფეოდალური საქართველოს მნიშვნელოვანი პუნქტი, ძვ. ქალაქი, თრიალეთის ერისთავთა სამყოფელი. მთელ თრიალეთზე მდოვრედ მიმდინარე მდ. ქცია აქ უეცრად ღრმა კანიონში ვარდება, ქმნის დიდ ჩანჩქერს და მის ძირში –კალმახით მდიდარ ტბას. კლდოვანი ხრამი დასახლებას სამი მხრიდან მიუვალს ხდის (აქედან მოდის ქციის მეორე სახელი – ხრამი). ადამიანს ადრევე აუთვისებია ეს ადგილი, რასაც მოწმობს აქ აღმოჩენილი ენეოლითური იარაღი, მშრალი წყობის გალავანი ადვილად მისასვლელი მხრიდან, ძვ. წ. V – IV სს. სამაროვანი და გამოქვაბულები კანიონში. აქ გამავალი გზის გაცხოველებასთან უნდა იყოს დაკავშირებული ამ პუნქტის გაქალაქება IX – X სს-ში, რაც საქართველოში „ახალქალაქობის“ პერიოდად ითვლება. 1392 ა. საკათალიკოსო მამულებში იხსენიება. 1676 – 1724 საბუთების თანახმად, ა. სამეფო ქალაქი გახდა, სხვადასხვა დროს კი მისი მოურავები გერმანოზიშვილები (ბარათაშვილების ფეოდ. საგვარეულოს ერთი შტო) იყვნენ. გვიანდ. შუა საუკუნეებში ა-ში ისხდნენ საბარათიანოს სარდლები. 1721 აქ ჰქონდა სადგომი საბარათიანოს მაშინდელ სარდალს – ვახუშტი ბატონიშვილს, რ-ის მონაწილეობითაც ჩატარდა ქართლის აღწერა.

ძვ. ა-იდან შემონახულია X – XI სს. მიჯნის ქართ. ხუროთმოძღვრების 2 ძეგლი, რ-ებიც აგებულია ქალაქის დიდი აღმავლობის პერიოდში, როდესაც თრიალეთის მფლობელი კლდეკარის ერისთავები საქართველოში თავიანთი სიძლიერის უმაღლეს საფეხურზე იდგნენ. ძეგლები შეიცავენ მდიდარ ეპიგრაფიკულ მასალას და ქვაზე ნაქანდაკების სრულიად უნიკალურ ხელოვნების ნიმუშებს.

ერთი ეკლესია, რ-იც სოფელში დგას, კამარით გადახურული უგუმბათო ნაგებობაა. იგი XIX ს-ში ჩამოსახლებულ სომხურ მოსახლეობას თავისი საჭიროებისათვის გამოუყენებია. შეკეთების დროს თლილი ქვით შემოსილ კედლებზე ასომთავრულით ამოკვეთილი ძვ. ლაპიდარული წარწერების უდიდესი ნაწილი დაზიანებულა. მეორე, წმ. გიორგის ეკლესია, სოფლის თავში ხრამის ქარაფოვან ნაპირზე დგას. იგი „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის გუმბათოვანი ნაგებობაა. მოხდენილი პროპორციები, მშენებლობის მაღალი პროფესიონალიზმი და მდიდარი დეკორ. სამკაული მას თრიალეთის საერისთავოს არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად წარმოაჩენს. წარწერების მიხედვით ორივე ეკლესია რატი ერისთავთ-ერისთავის მმართველობის დროსაა აგებული. წარწერაში მოხსენიებულია აგრეთვე ქართლის კათალიკოსი მელქისედეკი ( XI ს.) და ახალქალაქელები, რაც უტყუარს ხდის ამ პუნქტის ახალქალაქობას. სოფლის მოპირდაპირე მდ. ქციის მარცხ. მხარეს შვეულ, ჩახრამულ, ქარაფოვან კლდეში 300 მ სიმაღლეზე, შუა საუკ. მღვიმე-ქვაბთა ორიარუსიანი კომპლექსია გამოკვეთილი. ქვაბების I იარუსზე დიდი ქვებით და დუღაბით ნაშენი კარიბჭის ნაშთია. II იარუსზე ადიოდნენ მისადგამი კიბეებით. ქვაბები გეგმით მომრგვალო ფორმისაა და აქვთ თითო კარი. კომპლექსი წყლით მარაგდებოდა მდ. ქციიდან შვეულად დახრილი, კლდეში საგანგებოდ გათხრილი არხის მეშვეობით. როგორც არხი, ისევე სათავე მიუვალი იყო და რთულ საინჟინრო ხელოვნების ნიმუშებს წარმოდგენს.

წყარო: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970; საქართველოს სიძველენი, ტ. 1, ე. თაყაიშვილის რედ., ტფ., 1899.

ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, წგ. 1, თბ., 1940; გაგოშიძე ი., თრიალეთის სამაროვნები, თბ., 1982; რჩეულიშვილი ლ., რატი ერისთავთ-ერისთავის ნაგებობა თრიალეთის ახალქალაქში, «ქართული ხელოვნება», 1971, №7; 

დ. ბერძენიშვილი

ლ. რჩეულიშვილი