გიორგი მთაწმიდელი, გიორგი ათონელი (1009 – 29. VI. 1065, კონსტანტინოპოლი, დაკრძალულია ათონის ივერთა მონასტერში), სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი. ეროვნული კულტურის მოამაგე, ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი (1044–56), საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველთა სამეცნ.- ლიტ. საქმიანობის სულისჩამდგმელი.
მისი ბიოგრაფის, გიორგი მცირის, გადმოცემით გ. მ. დაიბადა თრიალეთში, გავლენიანი სახელმწ. მოღვაწის, იაკობის ოჯახში. 7 წლის გიორგი სწავლობდა ტაძრისის დედათა მონასტერში, 10 წლისა კი – ხახულის მონასტერში, სადაც მოღვაწეობდნენ მისი ბიძები – გიორგი მწერალი და საბა. ერთხანს ცხოვრობდა გიორგი მწერალთან ერთად ტაოელი დიდებულის ფერის ჯოჯიკის ძის ოჯახში – ტვარწატაფში; ეხმარებოდა ბიძას ქრისტ. სამღვდელმსახურო წესების აღსრულებაში.
1022 ფერის ჯოჯიკის ძეს იმპ. ბასილი II-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის თავი მოჰკვეთეს, მისი ოჯახის წევრები კი კონსტანტინოპოლში წაიყვანეს. გ. მ. ბიძასთან ერთად გაჰყვა მათ. იქ მან საფუძვლიანად შეისწავლა ბერძნ. ენა და ეზიარა ბიზანტ. კულტურას. 1034 სამშობლოში დაბრუნდა და ბერად აღიკვეცა ხახულის მონასტერში.
1036 ანტიოქიის მახლობლად, შავ მთაზე (სირია) გიორგი შეყენებულს დაემოწაფა. 1039 იერუსალიმს გაემგზავრა. წმინდა ადგილების მოლოცვის შემდეგ დაბრუნდა შავ მთაზე თავის მოძღვართან, 1040 კი, მისი რჩევით, ათონს გაემგზავრა.
1044 გ. მ. ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. მის იშვიათ შემოქმედებითსა და ორგანიზატორულ ნიჭს სათანადო ასპარეზი მიეცა. მან კიდევ უფრო გააძლიერა მონასტერი და ქართ. სულიერი კულტურის მძლავრ კერად აქცია. გ. მ-ის პრაქტ.-ორგანიზატორულმა მოღვაწეობამ თანდათან ფართო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა შეიძინა. ბაგრატ IV-მ არაერთგზის შესთავაზა მას საქართველოს მღვდელმთავრობა. მისი თხოვნით გ. მ-მა ხუთი წელი (1060–65) საქართველოში დაყო და საეკლ. საქმეები მოაგვარა. მან უარყო წოდებრივი უპირატესობა საეკლ. საქმიანობაში და წინ ადამიანის პირადი ღირსება წამოსწია. გ. მ. იცავდა ქართ. ეკლესიას და კულტურას. ანტიოქიის პატრიარქთან გამართულ ცხარე კამათში 1057 მან ბრწყინვალედ დაიცვა ქართ. ეკლესიის დამოუკიდებლობა. 1065 გ. მ. ბიზანტიაში დაბრუნდა, თან წაიყვანა 80 უდედმამო ბავშვი აღსაზრდელად და ათონის ივერთა მონასტერში ქართვ. ბერთა გასამრავლებლად.
გ. მ. ნაყოფიერად იღვწოდა მშობლიური ლიტ-რის გასამდიდრებლად. ცნობილია ბიბლიის ახ., ე. წ. „გიორგისეული რედაქცია". მან ხელახლა თარგმნა ბიბლიის ზოგიერთი წიგნი (სახარება – ოთხთავი, სამოციქულო, დავითნი), სხვა წიგნები კი „გაჩალხა" და ბერძნ. დედანს შეაჯერა.
გ. მ-მა მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია ქართ. ჰაგიოგრაფიასა და აპოკრიფულ მწერლობას, ეგზეგეტიკას, დოგმატიკას, ჰომილეტიკას, ჰიმნოგრაფიასა და საეკლ. სამართალს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გ. მ-ის ჰაგიოგრაფიულ თხზულებას „ცხორება ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანესი და ეფთჳმესი და უწყებაჲ ღირსისა მის მოქალაქობისა მათისაჲ", რ-იც ათონის ივერთა მონასტრის მხატვრული მატიანეა.
ნაყოფიერად იღვაწა გ. მ-მა ლიტურგიკის სფეროშიც. ქართ. მწერლობას შესძინა მნიშვნელოვანი როგორც თარგმნილი, ისე ორიგინ. ძეგლები: "დიდი სჳნაქსარი", "სახარებაჲ გამოკრებული საწელიწდო", "პავლე გამოკრებული საწელიწდო", "თთუენი ათორმეტნივე" და სხვ. გ. მ-ის დიდი პოეტური კულტურის დამადასტურებელია მისი ორიგინ. იამბიკოები და ნათარგმნი მდიდარი ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა.
გ. მ-მა ბერძნულიდან თარგმნა ბასილი დიდის, გრიგოლ ნოსელის, ათანასე ალექსანდრიელის, იოანე დამასკელის, ნექტარი კონსტანტინოპოლელის, დოროთეოს ტვირელისა და სხვათა თხზულებანი. მისი ბიოგრაფის სამართლიანი შეფასებით, „ესევითარი თარგმანი, თჳნიერ წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესსა, სხუაჲ არა გამოჩენილა ენასა ჩუენსა". გ. მ-ის მრავალმხრივმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო ქართ. კულტურის აღმავლობას მომდევნო საუკუნეებში.
გ. მ. შერაცხულია წმინდანად და ეწოდა ღირსი. ხსენების დღეა 27. VI (10. VII).
თხზ.: ცხორებაჲ იოვანესი და ეფთჳმესი, გამოსაცემად მოამზადა ივ. ჯავახიშვილმა, რედ. ა. შანიძე, თბ., 1946; იგივე, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 2, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1967.
ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ.1, თბ., 1960; ხინთიბიძე ე., ბიზანტიურქართული ლიტერატურული ურთიერთობანი, თბ., 1969; ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1977.
რ. ბარამიძე