კეჩხუაშვილი გიორგი ნიკოლოზის ძე (24. I. 1920, გორი, – 18. IX. 1997, თბილისი), ფსიქოლოგი. ფსიქოლ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1972). დაამთავრა თსუ-ის ფსიქოლ. ფაკ-ტი (1942). 1945–48 მუშაობდა ამიერკავკასიის საარტილერიო სასწავლებელში, 1947–49 – სოხუმის პედ. ინ-ტში, 1961–71 ხელმძღვანელობდა თსუ-ის ფიზიკის პრობლემური ლაბორატორიის საინჟინრო ფსიქოლოგიის განყ-ბას, ხოლო 1972-იდან გარდაცვალებამდე – იქვე ფსიქოლოგიის ფაკ-ტის შრომისა და ეკონ. ფსიქოლოგიის კათედრას. კ. ითვლება შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის დარგის დამაარსებლად საქართველოში. იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო საქართვ. ფსიქოლოგთა საზ-ბის ვიცე-პრეზიდენტი.
კ-ის კვლევის ძირითადი მიმართულებებია: განწყობის ფსიქოლოგია, ხელოვნების ფსიქოლოგია, ფსიქოლინგვისტიკა, შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგია, ეკონომიკის ფსიქოლოგია. კ-ის გამოკვლევებმა მუსიკის აღქმის სფეროში განსაკუთრებული გამოხმაურება პოვა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
თხზ.: ფსიქოლოგიის პრაქტიკუმი, თბ., 1975 (თანაავტ.: რ. ახობაძე, ჯ. ყვავილაშვილი); ფსიქოლოგია საწარმოში, თბ., 1981; შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგია, თბ., 1982; Бессознательное, установка, музыка, წგ.: Хрестоматия по психологии художественного творчества, М., 1996.