კვარაცხელია ილარიონ თეოფანეს ძე (21. X. 1907, სოფ. ნაკიფუ, ახლანდ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, – 17. VI. 1993, თბილისი), გეოფიზიკოსი. გეოგრ. მეცნ. დოქტორი (1965). აეროლოგიური კვლევის ფუძემდებელი საქართველოში. 1932 დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტი. 1934-იდან მუშაობა დაიწყო თბილ. გეოფიზიკური ობსერვატორიის აეროლოგიური განყ-ბის გამგედ. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით დაიწყო ატმოსფეროს მაღალი ფენების გამოკვლევა რადიოზონდირების მეთოდით. 1935 აგვისტოში მისივე ხელმძღვანელობით თბილისში პირველად გაუშვეს რადიოზონდი.
1941–45 კ. იმყოფებოდა მოქმედ არმიაში, სადაც სამხ. ქვეგანაყოფებს უზრუნველყოფდა მეტეოროლ. ინფორმაციითა და ამინდის პროგნოზით.
ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნ. -კვლ. ინ-ტის დაარსების შემდეგ (1953) კ. 20 წლის განმავლობაში იყო დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში, ამავე ინ-ტში ხელმძღვანელობდა აეროლოგიურ განყ-ბას (1953–60) და აეროლოგიურ ლაბორატორიას (1973–79). იგი წლების განმავლობაში ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ-ში. ავტორია მრავალი ნაშრომის და მონოგრაფიისა ატმოსფეროს ზედა ფენების ფიზ. დარგში. მისი ხელმძღვანელობითა და რედაქციით შედგენილია ამიერკავკ. (სამხრ. კავკასიის) აეროლოგიური ცნობარები.