კვარაცხელია პავლე დიმიტრის ძე

კვარაცხელია პავლე დიმიტრის ძე (20. VII. 1883, სოფ. ნაა, ახლანდ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, – 12. XI. 1973, ქ. ფორტლოდერდეილი, აშშ), საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, ბოტანიკოსი, პედაგოგი, ქართ. პოლიტ. ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი. სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეცნ. ­დოქტო­რი, პრო­ფესორი. დაამთავრა ­გო­რის საოსტატო სემინარია (1904). 1913–14 სწავლობდა პეტერბურგის ­ფსიქონევრო­ლოგი­ურ ინ-ტში. 1905-იდან იყო სა­ქართვ. სოციალისტ-ფე­დე­რა­ლისტ­თა პარტიის, ქარ­თველ­თა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის, სა­ქართვ. ეროვნ. საბჭოს წევრი (1917–18), სა­ქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის განათლების მინისტრის თა­ნა­შემ­წე (1918–19). 1919 საქართვ. ეროვნ. მთავრობამ რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდა, მ. შ. კ. საზღვარგარეთ სასწავლებლად გააგზავნა. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, კ-მ უარი განაცხადა საბჭოთა ხელისუფლებისაგან სტიპენდიის მიღებაზე და სამშობლოში აღარ დაბრუნდა. 1920-იდან ცხოვრობ­და აშშ-ში, სადაც 1923 და­ასრულა კორნელის უნ-ტის სა­ბუ­ნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტი. 1945-მდე მოღვაწეობდა ამავე უნ-ტის ტომპსონის სახ. მემცენარეობის ინ-ტში, იყო ინ-ტის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი და ლა­ბორ. ხელმძღვა­ნელი, იქ­ვე კით­ხულობდა ლექციებს. იყო ბოტანიკისა და მემცენარეობის დარგში არაერთი სადისერტაციო ნაშრომის სამეცნ. ხელმძღვანელი და ოფიც. ოპონენტი.

კ-მ აშშ-ში მოღვაწე სხვა ­ქართვ. ემიგრანტებთან ერთად დააარსა აშშ-ის ქართ. სათვისტომო (1931). იყო ნიუ-იორკის ქართ. სათვისტომოს პირველი თავ-რე, 1924-იდან – პოლიტ. ორგანიზაცია „თეთრი გიორგის" წევრი. შედიოდა „საქარ­თვე­ლოს გათავისუფლებისათვის ამერიკული კომიტეტის" შემადგენლობაში. „ნაურის" ფსევდონიმით აქტიურად თანამშრომლობდა ქართ. ემიგრანტულ პრესასთან („დამოუკიდებელი სა­ქარ­თვე­ლო", „ქარ­თული აზრი", „კავ­კასიონი" და ა. შ.).

კ-ს ანდერძის თანახმად, მისი ფერფლი ოკეანეზე მოაბნიეს. კ-ს „მოგონებების" ნაწილი გამოქვეყნდა ჟურნ. „კავკასიონში" (პარიზი).

ლიტ.: ნ ო ზ ა ძ ე  ვ., პავლე კვარა­ცხელია, «კავკასიონი», წგ. 16–17, პარიზი, 1972–73; შ ა რ ა ძ ე  გ., ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. 2, თბ., 2001.

ლ. ურუშაძე