კვერნაძე ციალა გრიგოლის ასული (დ. 26. VI. 1937, თბილისი), პიანისტი და პედაგოგი. საქართვ. დამს. არტისტი (1967), პ. ჩაიკოვსკის სახ. II საერთაშ. (მოსკოვი, 1962) და ლისაბონის საერთაშ. (1964) კონკურსების, აგრეთვე არაერთი საკავშ. კონკურსის ლაურეატი. 1955 დაამთავრა თბილ. ნიჭიერთა ათწლედი (პედაგოგები: ა. ვირსალაძე, მ. ევთიშვილი; ფორტეპიანო), 1961 – პ. ჩაიკოვსკის სახ. მოსკოვის სახელმწ. კონსერვატორიის საფორტეპიანო განყ-ბა (ხელმძღვ. – ი. მილშტეინი, ი. ზაკი), 1964 – ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა (პედ. ი. ზაკი). 1964–65 იყო მოსკოვის იპოლიტოვ-ივანოვის სახ. მუს. სასწავლებლის პედაგოგი (ფორტეპიანო), 1967–90 – "მოსკონცერტის" სოლისტი. კ-ის, როგორც შემსრულებლის, რეპერტუარი მუსიკის ფართო სპექტრს მოიცავს (ი. ს. ბახიდან დ. შოსტაკოვიჩის ჩათვლით). მევიოლინე ი. მიხლინთან ერთად ასრულებდა ლ. ვ. ბეთჰოვენის, ც. ფრანკის, ბ. ბარტოკის, ბ. მარტინუს, ნ. მეტნერის და სხვა კომპოზიტორების სონატებს, მოცარტ-ბუზონის უვერტიურას 2 ფორტეპიანოსათვის ოპერა "ჯადოსნური ფლეიტიდან" (ე. ვირსალაძესთან ერთად) და ი. მენდელსონის კონცერტს ვიოლინოს, ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის (ა. მიხლინთან ერთად) – ორივე თელავის ფესტივალზე "ქება ვაზისა" (1988).
კ-ის შესრულება აღინიშნება გამორჩეული ტექნიკით, არტისტული ტემპერამენტით, ფორმის ლოგიკური გააზრებითა და ფაქიზი ფრაზირებით. გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მ. შ. სსრკ, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, ბულგარეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, კუბა, ირანი.
მ. ჯაფარიძე