კვაჭაძე ლევან (ლეო) მიხეილის ძე (3. X. 1908, სოფ. ლახამულა, ახლანდ. მესტიის მუნიციპალიტეტი, – 22. I. 2011, თბილისი), ენათმეცნიერი, ქართული ენისა და მისი სწავლების მეთოდიკის მკვლევარი. საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1983), საქართვ. სკოლის დამს. მასწავლებელი (1966), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1988). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1930). პედ. მოღვაწეობა 1931-იდან დაიწყო. სხვა დასხვა დროს მუშაობდა მესტიის, სოფ. ლახამულის, თბილისის საშ. სკოლებში მასწავლებლად, დირექტორად. 1947-იდან დაიწყო სამეცნ.-კვლ. მოღვაწეობა ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტში ქართ. ენის კათედრაზე. იმავდროულად იყო ზუგდიდის სამასწავლებლო ინ-ტის ქართული ენისა და ლიტ-რის კათედრის გამგე (1950–52).
კ-ის ნაშრომებში განხილულია ქართ. ენის გრამატიკის, მეტწილად სინტაქსის, და საშუალო სკოლაში ენის სწავლების მეთოდიკის ძირეული საკითხები. მნიშვნელოვანი ნაშრომებია: „რთული წინადადების სწავლების მეთოდიკა" (1950), „წინადადების წევრები ქართულში" (1954), „მიმღეობისა და სახელის ზოგიერთი ფორმის სინტაქსური კვალიფიკაციისათვის" (1957), „ქართული ენა" (1961), „თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი" (1966), „თანიანი მრავლობითის მოქმედებითი და ვითარებითი ახალ ქართულში" (1997) და სხვ.
აღსანიშნავია კ-ის დიდი დამსახურება სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნაში. იგი, ა. შანიძესთან ერთად, თანაავტორია „ქართული ენის გრამატიკის" ორივე ნაწილისა (1964-იდან 70-იანი წლების მიწურულამდე), ხოლო შემდეგ V–IX კლასების „ქართული ენის" სახელმძღვანელოსი.
საქართვ. სახელმწ. პრემია მიენიჭა წიგნისათვის „თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი".
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).
ც. ბარბაქაძე