კვაჭაძე იოსებ მახარობლის ძე

კვაჭაძე იოსებ მახარობლის ძე (31. X. 1926, სოფ. ლესა, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 8. VII. 1993, თბილისი), პედიატრი. კლინიკური გენეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი სა­ქარ­თვე­ლო­ში. მედ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1971), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1984).

1946 დაამთავრა თსსი; 1965–71 თბილისის ექიმთა დახელოვნების ინ-ტის პედიატრიის კა­თე­დრის დოცენტია. 1972-იდან განაგებდა თსსი-ის ჰოსპიტალური პედიატრიის კა­თედ­რას. კ. შეისწავლიდა პე­დიატრიის ბიოქიმიურ, მორფოლოგიურ და იმუნო-გენეტიკურ სა­კითხებს, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანებით მიმდინარე დაავადებათა ეტიოპათოგენეზს. ბავშვის ორგანიზმში აღმოაჩინა პარაზიტი ტოქსოპლაზმა, შექმნა ნივთიერებათა ცვლის კონსტიტუციურ მოშლილობათა და რევმატიული ჯგუფის დაავადებათა კვლევის ახა­ლი მიმართულება, შეისწავლა ნაწლავთა შეწოვის ფუნქციის დარღვევით მიმდინარე დაავადებები – მუკოვისციდოზი, ცელიაკია, ექსუდაციური ენტეროპათია, დისაქრიდული უკმარისობა; იმუნოდეფიციტის სინდრომით მიმდინარე პათოლოგიები; რევმატიზმი და სხვ.

კ. არის მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 10 მონოგრაფიის, 2 სახელმძღვანელოს, 11 მეთოდ. რეკომენდაციის ავტორი.

1988-იდან იყო სა­ქართვ. პედიატრთა საზ-ბის, ხოლო 1986-იდან - სა­ქართვ. რევმატოლოგთა საზ-ბის ბავშვთა სექციის თავ-რე. მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.

თხზ.: თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზი, თბ., 1968; ზოგიერთი თანდაყოლილი და მემკვიდრეობითი დაავადება ბავშვებში, თბ., 1983; ენდოკარდიუმის ფიბროელასტოზი ბავშვებში, თბ., 1989; მუკოვისციდოზი ბავშვთა ასაკში, თბ., 1990; ბავშვთა დაავადებები, ტ. 1, თბ., 1990.