კვაჭაძე ვალერიან ივლიანეს ძე (15. IV. 1918, თბილისი, – 4. XI. 2006, იქვე), კინორეჟისორი, მსახიობი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე. დაამთავრა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1940) და შოთა რუსთაველის თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი (გ. ტოვსტონოგოვის სახელოსნო, 1945). მუშაობდა რუსთაველის (1945–48), სოხუმის დრამ. (1948– 50) და მოსკ. სამხატვრო (1950– 62) თეატრებში. კ-ის კინოდებიუტი შედგა ფილმში „მოსკოვიდან დაშორებით" (ინჟინერი ბერიძე, რეჟ. ა. სტოლპერი, 1950). შეასრულა ზ. ფალიაშვილის როლი ფილმში „ეთერის სიმღერა" (რეჟ. ს. დოლიძე, 1956). მუშაობდა რეჟისორად „მოსფილმში", 1968-იდან – ცენტრალური ტელევიზიის გაერთიანება „ეკრანში". საქართველოში გადაიღო ფილმები: „ბებერი " (მ. ელიოზიშვილის მოთხრობის მიხედვით, 1973), „ღვინის ქურდები" (შ. არაგვისპირელის მოთხრობის მიხედვით, 1975), „საქმე გადაეცემა სასამართლოს" (1975), „ჩემი მეგობარი ძია ვანია" (1978), „მარადისობის კანონი" (ნ. დუმბაძის რომანის მიხედვით, 1982), „ორშაბათი, ჩვეულებრივი დღე" (1984), „შარვალი", „ლუიზა", „ქველი" (სამივე – 1988). როგორც მსახიობი მონაწილეობდა თავისსავე გადაღებულ ფილმებში.
მ. კერესელიძე