კვალიაშვილი მარიამ კონსტანტინეს ასული (დ. 7. V. 1937, თბილისი), კომპოზიტორი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2009). 1961 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (კომპოზიციის განხრით, ხელმძღვ. ი. ტუსკია). იმავე წლიდან დაიწყო პედ. მოღვაწეობა მესტიაში, თავდაპირველად საჯარო სკოლაში მუს. პედაგოგად, შემდეგ კი მუს. სკოლაში, რ-იც მისი ინიციატივით გაიხსნა და დღემდე ფუნქციონირებს. 1967-იდან (45 წელი) მუშაობდა თბილ. №1 სამუსიკო სკოლის პედაგოგად (თეორიული საგნები). შეადგინა ცნობილი ლოტბარისა და მომღერლის, მ. თარხნიშვილის (კ-ის ბებია) მიერ შესრულებული ხალხ. სიმღერების კრებული. კ. ძირითადად ვოკალური მუსიკის ჟანრში მოღვაწეობს. მისი სიმღერები გამოირჩევა განსაკუთრებული მელოდიურობით („ცოტა კიდევ დაიცადე, გულო", „იანვარიც მოირთვება" და სხვ.), მ. შ. სჭარბობს ლირიკული და პატრიოტული თემატიკა. სიმღერებს ქმნის როგორც სოლისტების, ასევე ვოკალური ანსამბლებისთვის.
კ-ის სიმღერებმა არაერთხელ გაიმარჯვა წლის საუკეთესო სიმღერების ნომინაციაში (2000, 2004, 2005, 2007). 2005 მიენიჭა პრემია „წლის საუკეთესო კომპოზიტორი", 2008 – „ქართული კულტურის ამაგდარი"; 2009 დაჯილდოვდა „ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის". 2009 თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა კ-ის ვარსკვლავი. პერიოდულად ტარდება კომპოზიტორის საავტორო კონცერტები (1996, 2003, 2010), გამოშვებულია მისი სიმღერების 2 კომპაქტდისკი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).
ნ. გელოვანი