„კვალი“, აშშ-ის ქართველთა სათვისტომოს საერთაშორისო ასოციაცია, სასწავლო-ინფორმაციული ცენტრი. „კ." შეიქმნა 1998 როგორც კომპანია, 2001 ჩამოყალიბდა საქველმოქმედო ორგანიზაციად. მისი ოფისი თბილისში გაიხსნა 2003. „კ-ის" დამაარსებელი და პრეზიდენტი იყო შ. ვაშაკიძე. ამერიკაში წასულ ქართველებს ცენტრში ასწავლიან ინგლ. ენას, ეხმარებიან იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, ასევე იქაური განათლების სისტემის პრინციპების გარკვევაში. „კ." ეხმარება საქართველოდან შერჩეულ ახალგაზრდებს ამერიკაში წასვლასა და განათლების მიღებაში.
„კ-მა" თსუ-თან ერთად განახორციელა აშშ-ში სტუდენტებისა და მაძიებლების გაცვლითი პროგრამა, მოაწყო საქართვ. კულტ. დღეები აშშ-ში (ნიუ-ბრანზუიკი, ნიუ-იორკი, ფილადელფია, ვაშინგტონი), ქართველ ლინგვისტებთან და პროგრამისტებთან ერთად შექმნა ინგლ.-ქართ. ინტერნეტ-ლექსიკონი, ჩაატარა განათლების, მეცნ. და მედ. საერთაშ. ფორუმი (2004, თსუ).
2002–10 ქართვ. ჟურნალისტების მონაწილეობით გამოდიოდა ინტერნეტ-გაზეთი „კვალი". 2005–15 სისტემატურად ტარდებოდა სპეციალურად მოწვეული ქართვ. და ამერ. მეცნიერების ლექციები ფიზიკაში, ქიმიაში, მათემატიკასა და მეცნ. სხვა დარგებში.
„კ-ის" ეგიდით ჩატარდა კონკურსი პროზასა და დრამატურგიაში, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ პრემიებით, ასევე პრემიებით აღინიშნა რამდენიმე ნაწარმოები. გამოიცა კრებული. შეგროვდა და დამუშავდა ამერიკაში მცხოვრები ქართვ. ემიგრანტების არქივები, რ-ებიც 2015 გამოაგზავნეს თბილისში, მათი ნაწილი განთავსდა ეროვნ. ბ-კის „კვალის" სახელზე გახსნილ სპეც. ოთახში, ნაწილი – თსუ-ის ბ-კაში.
ბ. ვაშაკიძე