ახალდაბა, დაბა (1965-იდან) ბორჯომის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), მდ. მტკვრის ნაპირზე, ნეძვისწყლის შესართავთან. დაბის ტერიტ. ორგანოს ცენტრი. რკინიგზის სადგური. ზ. დ. 760 მ, ბორჯომიდან 12 კმ. 1,6 ათ. მცხ. (2014).
ა. ქართ. წყაროებში პირველად XII ს. II ნახევარში იხსენიება. იგი მცირე ქალაქი იყო, მაგრამ მოხერხებული გეოგრ. მდებარეობა სტრატეგიულ და სავაჭრო მნიშვნელობას ანიჭებდა. გვიანდ. ფეოდ ხანაში ა. ისევ მცირე ქალაქად რჩებოდა. 1260 ა-თან გაიმართა მონღოლთა და ქართველთა ჯარების ბრძოლა (იხ. ქვიშხეთის ბრძოლა 1260).
ა. ადგილ. მნიშვნელობის კლიმ.-ბალნეოლ. კურორტია. მისი ტერიტ. შემოსიალია წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეულობით. ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად რბილი ზამთარი (იანვ. საშ. ტემპ-რა – 2, 10C) და ხანგრძლივი თბილი ზაფხული (აგვ. საშ. ტემპ-რა 20,10C). ნალექები 900 მმ წელიწადში, მზის ნათების ხანგრძლივობა – 2100 სთ. სამკურნ. ფაქტორები: ჰავა და თერმული (ტემპ-რა 32,5 – 44,80C), აზოტიანი, კარბონატული, ნატრიუმიანი მინერ. წყალი (მინერალიზაცია 0,2გ/ლ), რ-შიც დიდი რაოდენობით არის კაჟმჟავა (62 მგ/ლ) და გოგირდი (4 მგ/ლ). წყლის დებიტი 500 ათ. ლ/დღ-ღ. იყენებენ აბაზანებისათვის: ართროლოგიური ნევროლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. სარწყავი არხის სათავე ნაგებობა, სატყეო საცდელი სადგური, საჯარო და სამუსიკო სკოლები. შინმოუსვლელთა მემორიალი.
შემორჩენილია მთის წვერზე აღმართული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – ადგილ. კლდის ქვით ნაგები X–XI სს. ციხე (ძლიერ დაზიანებულია, ეტყობა რამდენიმე გადაკეთების კვალი). გალავანი მთის რელიეფს მიჰყვება და უსწორმასწორო ფორმისაა. გალავნის შიგნით, ზემო ნაწილში შედარებით მცირე ფართობზე ციტადელია. მის კედლებში რამდენიმე სართულიანი კოშკებია ჩართული. ციხის ქვედა ნაწილში საცხოვრ. სახლები და წყალსაცავია. ქვემოთ, მტკვარზე, X ს. ხიდის ბურჯებია შემორჩენილი. ხიდის დასაცავად მარჯვ. ნაპირზე XVIII ს. შუა წლებში ცილინდრული კოშკი აუგიათ, რ-საც „ხიდის კოშკს“ ეძახიან. კოშკისაგან 4 სართულია გადარჩენილი. ყველა სართულზე სათოფურები და თითო ბუხარია.
ა-ში არის აგრეთვე XIX ს. დასასრ. და XX ს. დასაწყ. იოანე ნათლისმცემლის, მარიამ ღვთისმშობლისა და წმ. გიორგის ეკლესიები, ადგილ. მოსახლეობის ძალისხმევით ძეგლები რესტავრირებულია. 1973 შედგა ა-ის გენ. გეგმა (არქიტექტორები: ე. ბაგრატიონი, ვ. გოგიჩაიშვილი, ც. დიდებულიძე, გ. ჩიტაძე. ეკონომისტი ჯ. ძაძუა).
ლიტ.: Закарая П., Древние крепости Грузии, Тб., 1969.
დ. ბერძენიშვილი
გ. უშვერიძე
ე. ბაგრატიონი