ახალდაბა, სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტის ზემო ხოდაშნის თემში (კახეთის რეგიონი), ალაზნის ვაკეზე, მდ. ხოდაშნისხევის (ალაზნის მარჯვ. შენაკადი) ნაპირზე. ზ. დ. 760 მ, ახმეტიდან 20 კმ. 11 მცხ. (2014).
1948 ა-ში, ღვთაების ეკლესიის მახლობლად, შემთხვევით აღმოჩნდა ძვ. წ. I ს. – ახ. წ. I ს. მდიდრული სამარხი, რ-ის მასალა (კამეათი შემკული ოქროს მედალიონი, ასეთივე მედალიონიდან ამოგდებული კამეა, ოქროს საკიდი, ოქროს მძივ-მილაკები, პართიის მეფის ოროდე I-ის ძვ. წ. 57–37 დრაქმა, ვერცხლის თასის, ბრინჯაოს სურისა და თიხის ჭურჭლის ნატეხები) დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში. ა-ის სამარხის ოქროს ნივთების ნაწილი არმაზისხევის პიტიახშთა სამარხებში აღმოჩენილი ოქროს სამკაულის მსგავსია. ა-ის მდიდრული სამარხეული კომპლექსი მიჩნეულია ადგილ. ხევისთავის კუთვნილებად (ტ. ჩუბინიშვილი).
ა-ის მახლობლადაა საჩინოს ეკლესია.
ლიტ.: ლორთქიფანიძე მ., საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გემები, [წგ.] 3, თბ., 1961; ლორთქიფანიძე ო., ანტიკური სამყარო და ქართლის სამეფო, თბ., 1968; მუსხელიშვილი დ., ციხე-ქალაქი უჯარმა, თბ.,1966.
რ. რამიშვილი