ახალდაბა

ახალდაბა, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), კვერნაქის ქედის ჩრდ. კალთის ძირას, მდ. ლიახვის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 690 მ, გორიდან 9 კმ. რკინიგზის ბაქანი. 1,6 ათ. მცხ. (2014).

სოფელში, შემაღლებულ ადგილას, დგას X ს. დასაწყ. ერთნავიანი ეკლესია. ნაგებია ნატეხი ქვით. კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ელემენტები ნაწყობია ტუფის ქვით; კამარები და კონქი აგურითაა ამოყვანილი. საკურთხევლის ორივე მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნეა, მორთულობა სადაა.

სოფლის სამხრ-ით, ტყის პირას, განვითარებული შუა საუკ. წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია დგას. ნაგებია ქვიშაქვის მოზრდილი კვადრებით და რიყის ქვით. გამოყენებულია ღვინისფერი პორქირიტი და აგური. ეკლესია დაზიანებულია.