კელასური, მდინარე აფხაზეთში. სათავეს იღებს ბზიფის ქედის სამხრ. კალთაზე, ხიმსის მყინვარიდან, 2582 მ სიმაღლეზე. ერთვის შავ ზღვას სოფ. კელასურთან. სიგრძე 42 კმ, აუზის ფართ. 220 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე – ინტენსიური წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნა. წყალმცირეა ზამთარში. საშ. მრავალწლ. ხარჯი შესართავთან 13,2 მ³/წმ. კ-იდან ზღვაში წლიურად ჩაედინება 420 მლნ. მ³ წყალი. ქვემო დინებაში კ-ის მარცხ. ნაპირიდან წყლის ნაწილი მიემართება მიწისქვეშა კარსტულ ნაპრალში და გამოდის მდ. ბესლეთის სათავესთან მძლავრი წყაროების სახით. 1978, შესართავიდან 13 კმ-ზე, კლდეზვავმა დააგუბა მდინარე და წარმოშვა ტბა, რ-ის ფართობია დაახლ. 3 ჰა, უდიდესი სიღრმე 21 მ. კ-ის აუზში, განსაკუთრებით ხეობის მარჯვ. მხარეს, ხშირია ზედაცარცულ შრეებში გამომუშავებული კარსტული მღვიმეები (იხ. კელასურის მღვიმოვანი).
ი. აფხაზავა