კეკელიძე მიხეილ ერმილეს ძე (11. II. 1921, თბილისი, – 22. XI. 1973, იქვე), სპორტსმენი, კალათბურთელი, მწვრთნელი. სსრკ დამს. მწვრთნელი (1957). დაამთავრა თსუ (1944). თამაშობდა თბილისის გუნდებში – „ნაუკასა" (1939–41) და „დინამოში" (1947– 51). სსრკ ჩემპიონატების მეორე (1947) და მესამე (1948) პრიზიორი. სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1949–50). იყო საქართველოს იუნიორთა ნაკრებისა (1947–65) და სპი-ის გუნდის მთ. მწვრთნელი (1950–71). მისი ხელმძღვანელობით იუნიორთა ნაკრებმა მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადის ჩემპიონობა მოიპოვა (1957), სპიის გუნდმა კი სსრკ-ის არაერთი სტუდენტური ტურნირი მოიგო. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული საკალათბურთო ტერმინოლოგიის შექმნასა და დანერგვაში. კ. საქართველოში კალათბურთელ ბავშვთა ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი იყო.