კეკელიძე კორნელი სამსონის ძე [18(30). IV. 1879, სოფ. ტობანიერი, ვანის მუნიციპალიტეტი, – 7. VI. 1962, თბილისი], ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1941), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1943). 1905-იდან იყო წინამძღვარი ქუთაისის წმ. მიხეილის ეკლესიაში, შემდეგ - დეკანოზი. სწავლობდა თბილ. სას. სემინარიაში. 1904 დაამთავრა კიევის სას. აკადემია. 1905–06 მასწავლებლობდა ქუთაისსა და თბილისში. მონაწილეობდა საეკლ. მუზეუმის კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბისა და საისტორიოსაეთნოგრაფიო საზ-ბის მუშაობაში. 1916 დაინიშნა თბილ. სას. სემინარიის რექტორად. კ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. ივ. ჯავახიშვილმა მას შესთავაზა ძვ. ქართული ლიტ-რის ისტორიის კათედრის დაარსება და დეკანის თანამდებობა. კ. თვლიდა, რომ ეს თანამდებობა და სას. წოდება შეუთავსებელი იყო, ამიტომ საქართველოს კათოლიკოსპატრიარქ ლეონიდეს თანხმობით დათმო სას. წოდება და 1918-იდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძვ. ქართ. ლიტ-რის ისტორიის კათედრას. იყო სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტის დეკანი (1919–25), სასწ.-სამეცნ. ნაწილის პრორექტორი (1926–30), ხელმძღვანელობდა თსუ-თან არსებულ სიძველეთსაცავს (1921–30), ქუთ. პედ. ინ-ტის ქართ. ლიტ-რის ისტორიის კათედრას (1933–36), განაგებდა შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ისტორიის ინ-ტს (1942–49). სხვადასხვა დროს იყო განათლების სახ. კომისარიატის კოლეგიის წევრი და სახელმწ. სამეცნ. საბჭოს თავ-რის მოადგილე; საქართვ. და ამიერკავკ. ცაკის წევრი (1927, 1929).
კ-ის პირველი სამეცნ. ნაშრომი "ახალი საგალობლები აბო თბილელისა" 1905 ჟურნ. "მწყემსში" (№13, 14) დაიბეჭდა. 1907 გადამუშავებული საკანდიდატო ნაშრომისათვის "ლიტურგიკული ქართული ძეგლები სამამულო წიგნსაცავებში და მათი მეცნიერული მნიშვნელობა" (რუს. ენაზე, ცალკე წიგნად გამოიცა თბილისში, 1908) მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 1905–12 თანამშრომლობდა სამეცნ. ჟურნალთან "კიევის სასულიერო აკადემიის შრომები", 1912–17 – რუსეთის მეცნ. აკად. ორგანოსთან "ქრისტიანული აღმოსავლეთი" ("Христианский Восток").
სამეცნ. ასპარეზზე გამოსვლისთანავე კ-ს მძიმე სამუშაოს შესრულება მოუხდა არქივებსა და სიძველეთსაცავებში, კერძო მეპატრონეთა კოლექციებში; ძვ. ქართ. ლიტ. მემკვიდრეობის დიდი ნაწილი სრულიად ხელუხლებელი იყო. მან დიდი ამაგი დასდო ქართ. ხელნაწერების გამოვლენის, შეგროვებისა და აღწერილობის საქმეს. კ-ის ადრინდ. სამეცნიერო ნაშრომებმა ("იერუსალიმის განჩინება VII საუკუნისა", რუს. ენაზე, 1912, მ. ნ. ახმატოვის სახ. პრემია; "ძველი ქართული არქიერატიკონი", რუს. ენაზე, 1912) მრავალ უცხოელ მეცნიერს აღუძრა ინტერესი ქართ. მწიგნობრობისადმი. კ-მ მეცნიერულად აღწერა გელათსა (1905) და სვანეთში (1911) დაცული ქართ. ხელნაწერები. 1948–54 გამოქვეყნდა საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ხელნაწერების აღწერილობათა რამდენიმე ტომი კ-ის საერთო რედაქციით. განუზომელია კ-ის ღვაწლი ტექსტოლოგიაში: 1918 და 1946 გამოსცა ქართ. ჰაგიოგრაფიული თხზულებების კიმენურ რედაქციათა ორტომეული (პ. პეეტერსმა აქ გამოქვეყნებული ტექსტების ერთი ნაწილი ლათინურად თარგმნა), 1930 – ნ. ციციშვილის "შვიდი მთიები", 1935 – იოანე საბანისძის "აბო თბილელის წამება" და ბასილი ზარზმელის "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება", 1936 და 1948 – იოანე ბატონიშვილის "კალმასობის" ორტომეული (თანარედაქტორი ა. ბარამიძე), 1938 – "ვისრამიანი" (თანარედაქტორები ა. ბარამიძე და პ. ინგოროყვა), 1941 – "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" და სხვ.
კ-ის დიდმა ერუდიციამ, ძვ. ქართ. მწერლობის როგორც ზოგად, ისე ვიწრო სპეც. საკითხებში ღრმა განსწავლულობამ განაპირობა ძვ. ქართ. ლიტ-რის ისტორიის ფუნდამენტური ორტომეულის შექმნა (1923–81 გამოიცა რამდენჯერმე). ორტომეულის საფუძველზე კ-მ შექმნა "ძველი ქართული ლიტერატურის კონსპექტური კურსი" (რუს. ენაზე, 1938, 1955 რომში გერმ. ენაზე გამოქვეყნდა მ. თარხნიშვილისა და ი. ასფალგის მიერ გადამუშავებული კ-ის ორტომეულის I ტომი).
კ-მ თავიდანვე განსაზღვრა ძვ. ქართ. ლიტ-რის შესწავლის დიდი მნიშვნელობა როგორც საკუთრივ ქართ. კულტ. ისტორიის, ისე მსოფლიო საქრისტიანო კულტ. ისტორიის თვალსაზრისით. იგი იკვლევდა ქართ.-ბიზანტ., ქართ.- სპარს. ლიტ. ურთიერთობებს, ძვ. ქართ. ლიტ-რისა და ხალხ. სიტყვიერების ურთიერთმიმართების საკითხებს. კ-მ დიდი ამაგი დასდო ქართ. ისტორიოგრაფიასაც, აქვს საგანგებო გამოკვლევები ძვ. ქართ. დამწერლობის, ქართ. წელთაღრიცხვისა და კალენდრის, ძვ. ქართ. სტამბისა და ქართ. წიგნის ბეჭდვის ისტორიის, ძვ. ქართ. ლიტ-რაში მთარგმნელობითი მეთოდისა და სხვა დიდმნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. მისმა ნაშრომებმა აამაღლა და განამტკიცა ქართ. ფილოლ. მეცნიერების პრესტიჟი მთელ მსოფლიოში. მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართვ. მეცნიერთა კადრების აღზრდაშიც.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
დაკრძალულია ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწ. უნ-ტის ეზოში.
თხზ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1–13, თბ., 1945–74; ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1–2, თბ., 1960, 1958; ათი სტატია პრესისათვის, თბ., 2019.
ლიტ.: ა ლ ი ბ ე გ ა შ ვ ი ლ ი კ., დეკანოზ კორნელი კეკელიძის ბიბლიოგრაფია, თბ., 2013; ბ ა რ ა მ ი ძ ე ა., ჩვენი დიდი მეცნიერი, თბ., 1979; ბეთხოშვილი დ., კორნელი კეკელიძე-რუსთველოლოგი, თბ., 2006; დიდი ქართველი მეცნიერი აკად. კორნელი კეკელიძე. კრებული შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ს. ყუბანეიშვილმა, თბ., 1965; კორნელი კეკელიძის დაბადების 80 წლისთავის აღსანიშნავად. [კრებული], თბ., 1959; კორნელი კეკელიძის პირადი არქივის აღწერილობა, შეადგინა რ. კავილაძემ, თბ., 1979; კორნელი კეკელიძე (1879–1962), ბიობიბლიოგრაფია. შემდგ. ს. ყუბანეიშვილი, ე. დოლიძე, მთ. რედ. შ. ძიძიგური, თბ., 1979; კორნელი კეკელიძე - ქართული ფილოლოგიის პატრიარქი (შემდგენელი ე. ხინთიბიძე), თბ., 2021.
ა. ბარამიძე