კეკელია მიხეილ მიხეილის ძე (23. IX. 1927, სოფ. ნაბაკევი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 31. III. 1993, თბილისი), იურისტი, ქართული სამართლის ისტორიის მკვლევარი. იურიდ. მეცნ. დოქტორი (1975), პროფესორი (1978). დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1951). 1951–67 მუშაობდა საქართვ. პროკურატურის ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტზე (1967–93). იყო საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმთან არსებული ეროვნ. ტრადიციათა პრობლემების სამეცნ. საკოორდინაციო ცენტრისა და ამ ცენტრთან მისივე თაოსნობით დაარსებული „ქართული ჩვეულებითი სამართლის შემსწავლელი ლაბორატორიის" ხელმძღვანელი (1990–93). კ-ს რედაქტორობით 1988–93 ოთხ ტომად გამოიცა სამეცნ. კრებული „ქართული ჩვეულებითი სამართალი". ძირითადად იკვლევდა XVIII ს. II ნახევრისა და XIX ს. I ნახევრის საქართვ. სამეფო-სამთავროების სასამართლოს ორგანიზაციის, სასამართლო პროცესისა და მტკიცებულებათა საკითხებს. განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ქართ. ჩვეულებითი სამართ. შესწავლის საქმეში. აწყობდა საველე-ეთნოგრ. ექსპედიციებს საქართვ. სხვადასხვა კუთხეში (სვანეთი, ხევსურეთი, თუშეთი, ფშავი, სამეგრელო, აჭარა, მესხეთი და სხვ.), რის შედეგადაც მოიპოვა უნიკალური მასალა ქართ. ჩვეულებითი სამართ. ცალკეულ ინ-ტებზე.
თხზ.: სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი საქართველოში რუსეთთან შეერთების წინ, [ტ.] 1–2, თბ., 1970–81; ეროვნულ ჩვეულებათა და ტრადიციათა ბუნებისათვის, თბ., 1982; ეროვნული ტრადიციების სოციალური ფუნქცია, თბ., 1989; Древнегрузинское законодательство, суд и судебный процесс, Тб., 1986.
გ. დავითაშვილი