კედია სპირიდონ მალხაზის ძე

ს. კედია

კედია სპირიდონ მალხაზის ძე (20. IX. 1884, ზუგდიდი, – 17. V. 1948, პარიზი, დაკრძალულია ლევილში), საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, ეროვნულ-დემოკრატიული ­პარტიის თავმ­ჯდომარე. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1905 სასწავლებლიდან გარიცხეს გაფიცვებისა და პოლიტ. დემონსტრაციებში მონაწილეობისათვის. ზუგდიდში დაბრუნებული გლეხთა საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორი გახდა, რის გამოც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. კ. დროებით სვანეთში მიიმალა, შემდეგ ჩერქეზეთში გადავიდა. 1906 კ. საფრანგეთში ჩავიდა და კოლეჟ დე ფრანსის მსმენელი გახდა, 1907 კი სორბონის უნ-ტში შევიდა (სპეციალობა – ბუნების შემსწავლელი მეცნიერება), ისმენდა ლექციებს ტულუზის უნ-ტშიც, დაამთავრა მონპელიეს უნ-ტი.

I მსოფლიო ომის დაწყების გამო სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა რუსეთში დააპატიმრეს. მისი გათავისუფლება პეტერბურგის ქარ­თ. კოლონიის წევრთა ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

1914 კ. თბილისში ჩამოვიდა. 1915 წ. 24 მაისს აქვე, მისი თაოსნობით და იმდროინდელ მრეწველთა თანადგომით, ეროვნ. და დემოკრ. მიმართულების ჟურნ. „კლდის" ბაზაზე გამოსვლა დაიწყო გაზეთმა „სა­ქარ­თვე­ლომ", რ-თანაც სხვა გამოჩენილ მოღვაწეებთან ერთად კ-ც აქტიურად თანამშრომლობდა.

კ-მ თანამოაზრე ჯგუფების შესაკავშირებლად შეიმუშავა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების პოლიტ. პარტიის შე­ქმნის გეგმა. 1917 მარტში ჩა­მო­ყა­ლიბ­და საორგანიზაციო კომიტეტი, 4–10 ივნისს ეროვნულ-დემოკრატთა I ყრილობაზე იგი თავ-რედ აირჩიეს. 1917 კ. დანიასა და შვედეთში ჩავიდა „სა­ქარ­თვე­ლოს გა­თავისუფლების კომიტეტთან" შე­სახვედრად. დაბრუნებული აქტიურად მონაწილეობდა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნ. საბჭოს საქმიანობაში.

1918 მაისში კ. მონაწილეობდა ბათუმის საზავო კონფერენციაში, საიდანაც, როგორც დამოუკიდებელი ქართ. სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაციის მდივანი, გერმანიაში გაგზავნეს.

კ. იყო სა­ქარ­თვე­ლოს დამფუძნებელი კრების წევრი. ოპოზიციაში ედგა მმართველ (სოციალდემოკრატიულ) პარტიას. აკრიტიკებდა მის საგარეო და საშინაო, განსაკუთრებით კი, პერიფერიებთან ურ­თი­ერ­თო­ბის პოლიტიკას. იყო ოპოზიციური ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის ლიდერი.

1921 ბოლშევიკური რუსეთის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ანექსიის შემდეგ კ. სა­ქარ­თვე­ლო­ში დარჩა. 1922 თებერვლისთვის იგი ამზადებდა მასშტაბურ საპროტესტო დემონსტრაციას, რისთვისაც დააპა­ტიმრეს. გაათავისუფლეს მხოლოდ უცხოეთში წასვლის პირობით. 1923 სტამბოლიდან კ. საფრანგეთში ჩავიდა, სადაც განაგრძობდა პოლიტ. მოღვაწეობას. კ. მუ­შა­ობ­და გ. მაჩაბლის პარფიუმერულ კომპანიაში. მისი მიზანი იყო "ქარ­თველ­თა მთლიანობის აღდგენა ემიგრაციაში". 1925 დააარსა ჟურნ. „სამშობლოსთვის", 1932 კი – გაზ. „სა­ქარ­თველოს გუშაგი".

ემიგრაციაში მყოფ კ-თან ოჯახმა [მეუღლე – სოფიო ჩიჯავაძე, ქალი­შვი­ლი თეო] მხო­ლოდ 1928 შეძლო ჩასვლა.

II მსოფლიო ომის (1939–45) დროს კ. მონაწილეობდა გერმანიის მიერ შექმნილ ქართ. ეროვნული კო­მიტეტის საქმიანობაში.

წყარო: სპირიდონ კედია. მასალები პირადი არქივიდან, თბ., 2007.

ლიტ.: ჯ ა ­ნ ე ­ლ ი ­ძ ე  ო., სპირიდონ კედია. პოლიტიკური პორტრეტი, თბ., 2002.