კედია მიხეილ მელქისედეკის ძე (1902, ზუგდიდი, – 1953, ჟენევა), იურისტი, ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი. დაამთავრა თბილისის I გიმნაზია. სწავლობდა ბერლინისა და ჰაიდელბერგის უნ-ტებში იურიდიულ ფაკ-ტზე (გაგზავნა საქართველოს მთავრობამ). 1921-იდან ცხოვრობდა პარიზში.
1940 შემოდგომაზე გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა გააუქმა პარიზის ქართ. წარმომადგენლობა, რის შემდეგაც ქართული ემიგრაციის დაცვის მისია გერმანიის ხელისუფლების წინაშე დაევალა კ-ს.
კ., ქართული ემიგრაციის ნაწილის მსგავსად, ფიქრობდა, რომ გერმანელების მხარდაჭერით შესაძლებელი იყო საქართველოს გათავისუფლება ბოლშევიკური რეჟიმისაგან, ამიტომ მისი შუამდგომლობით ჩამოყალიბდა საგანგებო დანიშნულების სამხედრო შენაერთი (იხ. „თამარა").
1943 ოქტომბერში კ-ს ხელმძღვანელობით დაარსდა „სამეკავშირეო შტაბი", რ-საც ტყვეთა ბანაკებიდან ქართველების გამოყვანა და მათი სამსახურით უზრუნველყოფა დაევალა, აგრეთვე იმ სამხედრო ერთეულების ორგანიზება, რ-ებშიც ქართველები ირიცხებოდნენ.
კ. წინ აღუდგა გენ.-ლ. ა. ვლასოვის არმიაში არარუსული ფორმირებების გაერთიანებას. იგი მეგობრობდა ჰიტლერთან დაპირისპირებულ ისეთ გავლენიან გერმანელებთან, როგორებიც იყვნენ გრაფი შულენბურგი, პროფ. გერჰარდ ფონ მენდე და ერიხ ენგელჰაუპტი.
1944 აპრილში კ-მ თავი შვეიცარიას შეაფარა. 1946 წ. 3 მაისს მან წერილობითი ჩვენება მისცა, რომ გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის დროს, შეძლო მრავალი ქართველი მაჰმადიანისა და ებრაელის (მ. შ. ი. ელიგულაშვილი) დახსნა სასჯელისაგან, რასაც დოკუმენტებითაც ადასტურებდა.
დაავადებულმა კ-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ლიტ.: ქართველები უცხოეთში, წგ. 1, თბ., 2012; ც ო მ ა ი ა ალ., რჩეული თხზულებანი, თბ., 2000; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ნ., ქართველი შინდლერი, «ისტორიანი», 2011, N3.