კ
ახნიაშვილი ვასილ ილიას ძე (9. V. 1910, ქ. გორი, – 25. III. 1990, იქვე), მსახიობი. საქართვ. სახალხო არტისტი (1988). 1931 დაამთავრა თბილ. სამრეწველო-ეკონ. ტექნიკუმი. 1935-38 სწავლობდა კ. მარჯანიშვილის თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში. 1939- იდან სიცოცხლის ბოლომდე იყო გორის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კ. მარჯანიშვილის თეატრში – მიხა (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან"), ბოქაული (პ. ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება"), მანო (ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში"), გრაფი დე ლინიერი (ა. დენერის „დები, ჟერარ") და სხვ. გორის თეატრში – სტეფანე (ი. გედევანიშვილის „გადასასვლელზე"), ტიმოთე, ავეტიკა (ა. ცაგარლის „ხანუმა", „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ჰაჯი მურატი (ი. ვაკელის „შამილი"), ვატა (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება"), შვაჩი (ბ. ლავრენიოვის „რღვევა"), გოგია (დ. ერისთავის „სამშობლო"), ფონ მოორი (ფ. შილერის „ყაჩაღები"), ანანია (ი. სუმბათაშვილის „ღალატი"), გელა (ა. წერეთლის „პატარა კახი"), ხევისბერი (ს. შანშიაშვილის „ხევისბერი გოჩა", ა. ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით) და სხვ. კ-ის მიერ შექმნილი სცენური სახეები გამოირჩეოდა მკვეთრი ინდივიდ. ხასიათით, რეალისტური განსახიერების სისადავითა და დამაჯერებლობით. შესრულებული აქვს ღრმად ემოციური კინემატოგრაფიული სახეები: პაპუნა („მზე შემოდგომისა", რეჟ. თ. ფალავანდიშვილი, 1973), ეზუ („კუჩხი ბედინერი", რეჟ. გ. პატარაია, 1978), ბაბუა ("მარადისობის კანონი", რეჟ. ვ. კვაჭაძე, 1982), ჯაბანა ("ზოგი ჭირი მარგებელია", რეჟ. პ. ჩარკვიანი, 1984) და სხვ. განსაკუთრებული წარმატება მოუტანა ე. შენგელაიას ფილმებში მონაწილეობამ: „სამანიშვილის დედინაცვალი"(ბეკინა, 1977) და „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (ვასო, 1983, სსრკ სახელმწ. პრემია, 1985).