კახიანი ზურაბ ვლადიმერის ძე

კახიანი ზურაბ ვლადიმერის ძე (10. II. 1929, ქუთაისი, – 6. VII. 2010, თბილისი), მსახიობი, რეჟისორი, ლიბრეტისტი. სა­ქართვ. სახ. არტისტი (1990). 1955 დაამთავრა თბილ. თეატრ. ინ-ტი (პედ. დ. ალექსიძე). იმავე წლიდან მუშა­ობ­და თბილ. ვ. აბაშიძის სახ. მუს. კომედიის თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: გია, კარაპეტა, ბარუხა (შ. მილორავას „სიმღერა თბილისზე", „ძუნწი", „პაემანი ცაში"), ივანიკა (ვ. კურტიდის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", რ. ერის­თავის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით), კუკური (გ. ცაბაძის „შესანიშნავი სამეული"), დულიტლი (ფ. ლოუს „ჩემი მშვენიერი ლედი"), ველი სულეიმანი (უ. ჰაჯიბეკოვის „არშინ მალ-ალან"), ოთარი (ვ. აზა­რა­შვი­ლის „შვიდნი ძმანი გურჯანელნი"), მეირო (გ. ჩლაიძის „ო, ადონაი") და სხვ. 1965-იდან მისი რეჟისორობით დაიდგა სპექტაკლები: ს. ნასიძის „სტუდენტები", ა. ივანოვის „ჩემი სიდედრი" და „მხიარული მელოდიები", მ. ჩირინა­შვი­ლის „ძველი თბილისის სურათები", შ. მილორავას „მე-13 შეხვედრა" (ლიბრეტო ლ. ჭუბაბრიასი), დ. ტურია­შვი­ლის „პეპი გრძელი წინდა"(ლიბრეტო ზ. კახიანისა) და სხვ. მისი ლიბრეტოებით დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია „მოვდივართ და მოვიმღერით" (საბავშვო სპექტაკლი-კონცერტი), „მომკალ, მომკალ, ჩემო კარგო" (კომპ. შ. მილორავა). კ-ის შემოქმედებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქარ­თულ სცენაზე მუსიკალური კომედიის, როგორც ჟანრის დამკვიდრებას.