კახიძე ჯანსუღ ივანეს ძე

ჯ. კახიძე

კახიძე ჯანსუღ ივანეს ძე (26. V. 1935, სოფ. ობჩა, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი, – 7. III. 2002, თბილისი), დირიჟორი, ლოტბარი, მომღერალი, კომპოზიტორი. სა­ქართვ. (1978) და სსრკ (1985) სახ. არტისტი. შოთა რუსთაველის სახ. სა­ხელმწ. (1977) და ზ. ფალია­შვი­ლის სახ. (2003, სიკვდილის შემდეგ) პრემიების ლაურეატი. 1958 დაამთავრა თბილისის სა­ხელმწ. კონსერვატორია საგუნდო-სადირიჟორო განხრით ­ხელმძღვ. (ო. დიმიტრიადი). ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ხელმძღვა­ნე­ლობ­და სა­ქართვ. სა­ხელმწ. საგუნდო კაპელას, 1955–62 იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთ. დირიჟორი. 1957 ჩამოაყალიბა ხალხ. სიმღერის ან­სამბ­ლი "შვიდკაცა" (ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI საერთაშ. ფესტივალის ლაურეატი; მოსკოვი, 1957, ოქროს მე­და­ლი).

1962-იდან კ. იყო თბილ. ოპერისა და ბალეტის სა­ხელმწ. აკად. თეატრის დირიჟორი (1965–68 და 1982–2002 მთ. დირიჟორი). 1971–73 მუშა­ობ­და ქ. ლოძში (პოლონეთი) ოპერის თეატრის დირიჟორად. აქ 1972 დადგა ზ. ფალია­შვი­ლის ოპერა „აბესალომ და ეთერი"; 1973–93 საქართვ. სახელმწ. დამს. სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთ. დირიჟორი იყო. 1993 მისი თაოსნობით დაარსდა თბილისის მუსიკალურ-კულტურული ­ცენტრი (რ-საც კ-ის სა­ხე­ლი მიენიჭა), თბილისის სიმფონიური ორკესტრი (რ-თა მთ. დირიჟორი იყო სიცოცხლის ბოლომდე) და საერთაშ. მუს. ფესტივალი „შემოდგომის თბილისი". კ. დირიჟორობდა თბილისში დადგმულ ახ. ქართ. ოპერებს (გ. ყანჩელის „და არს მუსიკა", ბ. კვერნაძის „იყო მერვესა წელსა", „კოლხთა ასული", „მედეა"). მისივე დირიჟორობით შესრულდა მსოფლიო კლასიკური და ქართ. სიმფ. მუსიკის რიგი საუკეთესო ნიმუშები – ი. სტრავინსკის „საღვთო გაზაფხული", გ. მალერის მე-3, მე-5, დ. შოსტაკოვიჩის მე-4 სიმფონიები, ფ. ჰაიდნის 86-ე სიმფონია, რ. შჩედრინის „ანცი შაირები", გ. ყანჩელის შვიდი სიმფონია და სხვა ნაწარმოებები, ს. ნასიძის მე-4, მე-5, მე-6, მე-7 სიმფონიები, ა. მაჭავარიანის 2 სიმფონია, რ. გაბიჩვაძის „როსტოკური სიმფონია", დ. თორაძის მე-2 სიმფონია და სხვ. კ. ავტორია პოპულარული სიმღერებისა კინოფილმებისათვის: "შერეკილები" (გ. ყანჩელთან ერთად), "პირველი „მერცხალი" და „დათა ­თუთაშხია" (ბ. კვერნაძესთან ერთად), რ-თა შესანიშნავი შემსრულებელი თვითონ­ვე იყო. კ-ის მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქარ­თულ საშემსრულებლო ხელოვნებაში.

დაჯილდოებულია ღირსების ორ­დენით (1996). ქ. ლოძის (პოლო­ნეთი) საპატიო მოქალაქე.

დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ჯანსუღ კახიძე, ფრაგმენტი გადაცემისა „შეხვედრები ფიქრის გორაზე“, ჩაწერილია 2002 წელს: https://www.youtube.com/watch?v=HZhiFKhytCc

 

გ. ტორაძე