კახიძე ვახტანგ ჯანსუღის ძე (დ. 23. III. 1959, თბილისი), დირიჟორი, კომპოზიტორი. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. (2010) და ზ. ფალიაშვილის სახ. (2015) პრემიების ლაურეატი. 1981 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორიის საკომპ. განყ-ბა ნ. სიდელნიკოვის (კომპოზიცია) და ე. დენისოვის (ინსტრუმენტობა) ხელმძღვანელობით. 1988–89 ეუფლებოდა სადირიჟორო ხელოვნებას მამის, ჯ. კახიძის ხელმძღვანელობით. კ-ის, როგორც დირიჟორის, დებიუტი შედგა 1989, საკუთარი ბალეტის, "ამორძალების" დადგმით თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრში (ბალეტს დირიჟორობდა რამდენიმე სეზონის განმავლობაში). 1993-იდან თბილ. სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი იყო. საკონცერტო გამოსვლების გარდა ორკესტრთან ერთად ჩაწერა 25 ლაზერული დისკი სხვადასხვა უცხოური ხმისჩამწერი კომპანიებისათვის. 2002-იდან კ. თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთ. დირიჟორი და ჯ. კახიძის სახ. თბილ. მუსიკალურკულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელია. გასტროლებს მართავს როგორც ინდივიდუალურად, ისე "თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან" ერთად (2004 – მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი და იტალია, 2005 – ჩინეთი). ხელმძღვანელობს მამამისის, ჯ. კახიძის მიერ დაარსებულ ყოველწლიურ საერთაშ. მუს. ფესტივალს „შემოდგომის თბილისი", რ-იც თანამშრომლობს თანამედროვეობის გამოჩენილ უცხოელ და ქართველ მუსიკოსებთან და მუს. კოლექტივებთან.
კ. როგორც კომპოზიტორი მოღვაწეობს სხვადასხვა მუს. ჟანრში (ოპერა „ბარბალე", მუს. პარაფრაზი ვ. დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტეს", მიხედვით, ჯ. კახიძესთან ერთად, 1986; ბალეტი „ამორძალები", 1988; არაერთი კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის, ვოკალურ-საკრავიერი შესრულებისათვის, კანტატები, გუნდები). მისი ნაწარმოებები შესრულებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქტიურად მოღვაწეობს კინოსა და თეატრში. არის 50-ზე მეტი დრამ. სპექტაკლისა და 20 კინოფილმის მუსიკის, მრავალი ჯაზური კომპოზიციისა და საესტრადო სიმღერის ავტორი.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000). საქართვ. კინოაკადემიის პრიზით „ნატო" (1997); საუკეთესო კინომუსიკის, თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრიზით, დრამატ. სპექტაკლის საუკეთესო მუსიკისათვის (1998, 2005, 2013).
2003 მუსიკალურ კულტურაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის მიიღო ალბერტ შვაიცერის სახ. საპატიო მედალი.
გ. ტორაძე