კახიძე ამირან უსუპის ძე

კახიძე ამირან უსუპის ძე (8. VI. 1935, სოფ. ქვედა ჩხუტუნეთი, ახლანდ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, - 11. XI. 2023, ბათუმი), არქეოლოგი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1981), ემერიტუსი. 1959 დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სა­ხელმწ. პედ. ინ-ტის ისტ. ფაკ-ტი. 1959–60 მუ­შა­ობ­და სოფ. ჩხუტუნეთის საშ. სკოლის მასწავლებლად, 1964–66 – აკად. ივ. ჯავახი­შვილის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტის ანტ. ხანის არქეოლოგიის განყ-ბაში, 1966–2006 – ნ. ბერძენი­შვი­ლის სახ. ბათუმის სამეცნ.-კვლევით ინ-ტში, 1994-იდან არის ბათუმის არქეოლ. მუზეუმის დირექტორი. პარალელუ­რად კითხულობდა ლექციებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სა­ხელმწ. უნ-ტში.

1970-იდან კ-მ დაიწყო აჭა­რისწყლის ხეობის არქეოლ. ძეგლების გეგმაზო­მი­ე­რი კვლევა, 1974 მონაწილეობდა დონის ექსპედიციაში.

კ-ის კვლევის უმთავრეს ობიექტს წარმოადგენს ფიჭვნარის ნაქალაქარი და ვრცელი სამაროვანი. 1998–2011 ხელმ­ძღვა­ნელობ­და სა­ქარ­თვე­ლო-ბრიტანეთის ფიჭვნარის პირველ საერთაშ. ერთობლივ ექპედიციას. მოპოვებული მასალის საფუძველზე გამოიცა მონოგრაფიები: „ფიჭვნარი I" (2004, თანაავტ. მ. ვიკერსი), „ფიჭვნარი II" (2007, თანაავტ. მ. ვიკერსი), „ფიჭვნარი IV" (2009, თანაავტ. თ. შალიკაძე), „ფიჭვნარი III" (2010, თანაავტ. ნ. ვაშაკიძე), „ფიჭვნარი V" (2014, თანაავტ. ე. კახიძე), „ფიჭვნარი VI" (2014, თანაავტ. მ. ვიკერსი),„ფიჭვნარი VII" (2015).

1999-იდან კ. ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და გონიო-აფსაროსის მუდმივმოქმედ ექსპედიციას. ასევე მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ექსპედიციები ბათუმის ციხეში, სოფ. ორცვასა და აჭა­რის მთიანეთში, ჩაქვის ჩაისუბანში, კაპანდიბში, მახოში და ა. შ.

კ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, მიღებული აქვს აბუსერისძე ტბელის სახ. პრემია.

თხზ.: სა­ქარ­თვე­ლოს ­ზღვისპირეთის ანტიკური ხანის ქალაქები (ქობულეთი – ფიჭვნარი), თბ., 1971; აღმოსავლეთ შავი­ზღვისპირეთის ანტიკური ქალაქები (ფიჭვნარის ბერძნული სამაროვანი), ბათ., 1975; აჭა­რისწყლის ხეობის უძველესი არქეოლოგიური ძეგლები, ბათ., 1993 (თანაავტ. შ. მამულაძე); Восточное Причерноморье в античную эпоху (Колхские могильники), Батуми, 1981.