კახეთის სამეფო, გვიანდ. საუკუნეების ფეოდ. საქართველოს ერთ-ერთი სამეფო (1465–1762). მისი პოლიტ. საზღვრები იყო: დას-ით მდ. არაგვი, სამხრ. და სამხრ.-დას-ით მდ. მტკვარი, ჩრდ-ით კავკ. მთავარი ქედი (ადგილ-ადგილ საზღვარი ქედს გადაღმაც გადადიოდა: პირიქითა ხევსურეთი და თუშეთი, გარკვეულ პერიოდამდე დიდოეთი და წახური კ. ს-ს საზღვრებში შედიოდა). XVII ს. დასაწყისამდე კახეთის აღმ. საზღვარი იწყებოდა იქ, სადაც იორ-ალაზანი მდ. მტკვარს უერთდება, შემდეგ მიემართებოდა ჩრდ-ით აჯინოურის ტბის გასწვრივ, კვეთდა მდ. აგრიჩაის და მდ. გიშისწყლის (გიშჩაი) გაყოლებით კავკ. ქედამდე გადიოდა. შემდეგ საზღვარმა დას-ით ყაფიჩაიმდე (კარის მდინარე) გადმოიწია. დედაქალაქი – გრემი, XVII ს. 70-იანი წლებიდან – თელავი.
კ. ს-ს ისტორია შეიძლება 3 ძირითად პერიოდად გაიყოს: 1. სამეფოს წარმოქმნიდან XVII ს. დასაწყისამდე; 2. XVII ს. დასაწყისიდან 1744-მდე; 3. 1744–62 წწ.
კ. ს. წარმოიქმნა ფეოდ. საქართველოს დაშლის შედეგად. 1465 სამცხის ათაბაგმა ყვარყვარე II-მ ქართლის მეფე გიორგი VIII დაატყვევა, რის შემდეგაც კახეთის ერისთავებმა და წარჩინებულებმა თავიანთ დამოუკიდებელ მთავრად დასვეს ერთ-ერთი ადგილ. ერისთავი დავითი. 1466 გიორგი VIII-მ ქართლის სამეფოს დაკარგვის შემდეგ დაამარცხა დავითი, დამკვიდრდა კახეთში და სათავე დაუდო კახეთის ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას. გიორგი VIIIის (კახეთში გიორგი I) დროს გაუქმდა საერისთავოები და ერისთავების გამგებლობაში მყოფი სამეფო სამფლობელო მოურავებს გადაეცათ. მოურავობის ინ-ტი კახეთის მეფეების ხელში ადგილ. ფეოდალების დამორჩილების ეფექტურ საშუალებას წარმოადგენდა. ამ სახელოს იღებდნენ კახეთის ძლიერი ფეოდ. საგვარეულოების ცალკეული წარმომადგენლები სხვა თანამოგვარეებისაგან (სახლიკაცებისაგან) დამოუკიდებლად, რაც საფუძველს აცლიდა ამ სახლების ერთიანობას. კახეთში ფეოდ. გვარების საერთოსახასო მიწათმფლობელობასთან შედარებით უფრო განვითარებული იყო კერძო-ინდივიდ. (სათავისთავო) მიწათმფლობელობა. საქართვ. სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, სადაც XV და შემდეგ საუკუნეებში შეუფერხებლად განვითარდა სათავადოთა სისტემა, ამავე პერიოდის კ. ს-ში სათავადოები არ აღმოცენებულა, მეფის ხელისუფლება აქ შედარებით ძლიერი იყო. ამ საუკუნეებში ქვეყანა ეკონ. წინსვლას განიცდიდა. ვითარდებოდა საშინაო და საგარეო ვაჭრობა, წარმოიქმნა ახ. ქალაქები. გარეშე ძალა სამეფოზე რაიმე შესამჩნევ ზეგავლენას ვერ ახდენდა. XVII ს. II ნახევრიდან კ. ს-შიც დაიწყო სათავადოების ჩამოყალიბება (არსებობს სხვა თვალსაზრისიც, რ-ის მიხედვითაც ქართლისა და საქართვ. სხვა რეგიონების ანალოგიური სათავადოები კახეთშიც არსებობდა თვით XV–XVI სს-ში). კ. ს-ში თავადთა წოდებას ფლობდნენ უძლიერესი ფეოდალები (ჩოლოყაშვილები, მაყაშვილები, ანდრონიკაშვილები, ვაჩნაძეები, ჯორჯაძეები, ჯანდიერები, ჭავჭავაძეები, ვახვახიშვილები და სხვ.), რ-თაც, იმავდროულად, უმაღლესი სამოხელეო თანამდებობებიც ეკავათ (სახლთუხუცესობა, ბოქაულთუხუცესობა, ეშიკაღასბაშობა, მდივანბეგობა, მოლარეთუხუცესობა, აგრეთვე მსხვილი სამოურავოების გამგებლობა და სხვ.). მათზე დაბლა იდგნენ აზნაურები, რ-თა მხოლოდ მცირე ნაწილი იყო მოქცეული თავადებისა და ეკლესია-მონასტრების ყმობაში. ისინი ძირითადად სამეფო ყმები იყვნენ.
კ. ს-ში შედიოდა ალავერდის, ბოდბის, რუსთავის (მარტყოფის), სამების, ნინოწმინდის, ჭერემის, ნეკრესის, ხარჭაშნის და სხვ. საეპისკოპოსოები. ეპისკოპოსებს მეფე ნიშნავდა. კახეთი, სამხ.-ადმ. თვალსაზრისით, სადროშოებად იყო დაყოფილი, რ-თაც სათავეში, საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ეპისკოპოსები ედგნენ. ეპისკოპოსობა მემკვიდრეობითი თანამდებობა არ იყო, ამიტომ ისინი ყოველმხრივ მეფეზე იყვნენ დამოკიდებული. ზოგჯერ ამა თუ იმ სადროშოს სათავეში მეფის მიერ დანიშნული უფლისწული ედგა. თავისებურება შეინიშნება მწარმოებელი საზბის სოც.-ეკონ. მდგომარეობაშიც, საგლეხო მიწათმფლობელობაში. აქ ძირითადად ჭარბობდა სახნავსათესი მიწების საერთო-სასოფლო (თემური) მფლობელობა, რაც, თავის მხრივ, განსაზღვრავდა ბეგარაყალანის გაწერის წესსაც. მკვიდრი გლეხობა 2 ძირითად სოც.-ეკონ. კატეგორიად იყოფოდა: მოყალნეებად და მსახურებად. მოყალნე გლეხები საგადასახადო ვალდებულებების მიხედვით 4 კატეგორიად იყოფოდნენ: 1. „შემძლენი“, ანუ „დიდი მოსავლის პატრონნი“; 2. „ამათ ქუედანნი“, ანუ „ნაკლების მოსავლის პატრონნი“; 3. „მცირე შეძლების“ მქონენი და 4. „შეუძლებელნი“, ანუ „ბეზმისქინნი“. მსახურები გლეხთა უმაღლეს ფენას ქმნიდნენ. მოყალნეებისაგან განსხვავებით მათ უფრო პრივილეგირებული მდგომარეობა ეკავათ, სამსახურიც უფრო საპატიო ეკისრებოდათ და საბატონო გამოსაღებისაგან (ყალან-ბეგარისაგან) თავისუფლდებოდნენ (მთლიანად ან ნაწილობრივ). მათ უმთავრესად ევალებოდათ ბატონის ხლება-მოლაშქრეობა, მოხელეობა და საბატონო მეურნ. გაძღოლაში სხვადასხვა დამხმარე ფუნქციის შესრულება. კ. ს-ში იყვნენ „გარემოსულნიც“ – თავშეწირულნი, ნებითმოსულნი (ნებიერნი), ხიზანნი და მონასყიდენი (ნასყიდნი).
XV–XVI სს-ში კ. ს-ში მნიშვნელოვნად იყო განვითარებული მარცვლეული მეურნეობა, მევენახეობა, მესაქონლეობა (მ. შ. მეცხვარეობა), მეაბრეშუმეობა, მოჰყავდათ ტექ. მცენარეები და სხვ. პროდუქტის ნაწილი გასაყიდად მზადდებოდა. ვითარდებოდა საშინაო და საგარეო ვაჭრობა, ხელოსნური წარმოება. აღმოცენდა და განვითარდა ახ. ქალაქები: გრემი, ბაზარი. კახეთის ფეოდ. ეკონომიკაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კახეთის მთისა და ბარის ეკონ. კავშირურთიერთობას. კახეთის მეფე ალექსანდრე I-მა (1476– 1511) მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყარა ქართლის სამეფოსთან, შაქისა და შირვანის სახანოებთან. უზუნ-ჰასანის, იაყუბ-ყაენის (1477, 1488–89) და შაჰ ისმაილ I-ის საქართველოში ლაშქრობათა დროს ალექსანდრე I-მა ფორმალური მორჩილებით მშვიდობა შეინარჩუნა. მისი მეფობის დროს კ. ს-მ (პირველმა ქართ. სამეფოებს შორის) ურთიერთობა დაამყარა რუს. სახელმწიფოსთან. 1483 მოსკოვში ჩავიდა კახეთის მეფის პირველი ელჩობა, რ-შიც შედიოდნენ ნარიმანი, დამიანე და შაქელი ხოზემარუმი; 1492 იანვარში – მე-2 ელჩობა. კახეთის მეფე გიორგი II-მ (ავგიორგი) მიზნად დაისახა ქართლის შემოერთება, მაგრამ მარცხი განიცადა. უშედეგო გამოდგა კახეთის დასაუფლებლად ქართლის მეფის მცდელობაც; 1520 ქართლის მეფე დავით X იძულებული გახდა კახეთის მეფედ ეცნო ლევანი (1520–74). მათ შორის დაიდო შეთანხმება გარეშე მტრის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ, მაგრამ ეს ყოველთვის ვერ ხორციელდებოდა. 1524 ლევანმა შაქის დაპყრობა სცადა, მაგრამ ირანის შაჰის ჩარევის გამო იძულებული გახდა უკან დაეხია. შაქ-შირვანის დაუფლებისათვის ბრძოლამ კახეთს სარგებლობა ვერ მოუტანა. პირიქით, დააჩქარა ყიზილბაშური ირანის მიერ ამ ქვეყნების ინკორპორაცია (1538 ირანმა შირვანი დაიპყრო, 1551 – შაქი), რაშიც ძალაუნებურად ლევანსაც მოუხდა მონაწილეობის მიღება. კ. ს. ყიზილბაშთა ურდოების შემოსევების მუდმივი საფრთხის ქვეშ მოექცა. XVI ს-ში გაძლიერებული საშამხლო კახეთს პირიქითი თემების (წახურის, დიდოეთის) მფლობელობაში ეცილებოდა. ლევანი დაუკავშირდა შამხლის მოწინააღმდეგე ჩერქეზთა მთავარს და ურთიერთობის გასამტკიცებლად მისი შვილი მოიყვანა ცოლად. ლევანმა დაიმორჩილა გამდგარი თუშფშავ-ხევსურეთიც. XVI ს. 60-იან წლებში მან აღადგინა პოლიტ. კავშირი რუსეთთან. შეთანხმების შესაბამისად, რუს მეთოფეთა რაზმი კ. ს-ს სანაპირო ციხეებში ჩააყენეს, მაგრამ რუსეთი მოერიდა ოსმალეთთან ურთიერთობის გართულებას, ამავე დროს ირანის შაჰის მოთხოვნასაც გაუწია ანგარიში და 1572 ჯარი კახეთიდან უკან გაიწვია. 1578 ირან-ოსმალეთის ომის (1578–90) დროს ოსმალთა სარდალმა მუსტაფა ლალა-ფაშამ სამცხე და ქართლი დაიკავა. მეფე ალექსანდრემ ოსმალთა სარდალს მორჩილება გამოუცხადა. კახეთი ამჯერადაც გადარჩა დარბევა-აოხრებას. კავკასიაში ოსმალთა ბატონობის დამყარების შემდეგ გაძლიერდა საშამხლოს მთიელთა თავდასხმები კახეთზე, ჩაიკეტა კახეთისათვის მნიშვნელოვანი სავაჭრო-სამიმოსვლო გზები როგორც ირანისაკენ, ისე თერგისა და ასტრახანისაკენ. კ. ს-ს ოსმალთაგან საბოლოო დაპყრობა ემუქრებოდა. 1585 კახეთში ჩავიდა რუსეთის მეფის მოციქული რ. დანილოვი. მან ალექსანდრე II-ს შესთავაზა კავშირის შეკვრა რუსეთთან (იხ. დანილოვის ელჩობა კახეთში 1585). კახეთიდან დაუყოვნებლივ გაიგზავნა ელჩობა (იხ. იოაკიმე მღვდლის ელჩობა რუსეთში), რ-იც კ. ს-ს რუსეთის მფარველობაში მიღებას ითხოვდა. შემდეგ წელს საქართველოში ჩამოვიდა მოსკ. ოფიც. ელჩობა რ. ბირკინის მეთაურობით (იხ. ბირკინის ელჩობა კახეთში). 1587 წ. 28 სექტემბერს კახეთის მეფემ თავის დარბაისლებთან ერთად ხელი მოაწერა „ფიცის წიგნს“, რითაც რუს. მეფის ქვეშევრდომად აღიარა თავი, ხოლო რუსეთმა იკისრა კახეთის დაცვა ყველა გარეშე მტრისაგან. ამ კავშირის წინააღმდეგი იყვნენ ოსმალეთი და სპარსეთი.
კ. ს-ს ისტორიის მე-2 პერიოდი იწყება კახეთის წინააღმდეგ ირანის შაჰის, აბას I-ის აგრესიით. 1603 ირან-ოსმ. ახ. ომი დაიწყო, შაჰი აბას I ერევნის ციხეს შემოადგა და იხმო ქართლისა და კახეთის მეფეები. ალექსანდრე II დიდი ყოყმანის შემდეგ გამოცხადდა შაჰთან. აბას I-მა კახეთს ჩამოაშორა კაკ-ენისელი და იქ მუსლ. სასულთნო შექმნა. შაჰი ალექსანდრეს არ ენდობოდა, ამიტომ უკან გამობრუნებულს თან გაატანა მასთან მძევლად მყოფი ალექსანდრეს უმცროსი ვაჟი კონსტანტინე მირზა (იხ. კონსტანტინე I), რ-იც ვერაგულად დაეუფლა ტახტს. კ. ს-ში კონსტანტინე I-ის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო (იხ. კახეთის აჯანყება 1605). აჯანყებულებმა გადამწყვეტ ბრძოლაში დაამარცხეს და მოკლეს კონსტანტინე I. შაჰი აბას I იძულებული გახდა კახეთის მეფედ დაემტკიცებინა ალექსანდრეს შვილიშვილი თეიმურაზი (შემდეგში თეიმურაზ I), მაგრამ ოსმალეთთან მშვიდობის დამყარებისთანავე, 1614–17, აბას I-მა 4-ჯერ ილაშქრა კახეთში და ქვეყანა მიწასთან გაასწორა (იხ. აბას I-ის ლაშქრობანი საქართველოში). 1618 თეიმურაზ I-ის ინიციატივით დას. საქართველოს მეფე-მთავრებმა საერთო ელჩობა გაგზავნეს რუსეთში დახმარების სათხოვნელად. 1624 ახ. ელჩობა კვლავ გაიგზავნა რუსეთში. ქართლ-კახეთში ირანის საწინააღმდეგო მოძრაობა გაიშალა. ქართლ-კახეთის საბოლოოდ განადგურებისათვის გამოგზავნილი ირანის არმია აჯანყებულმა ქართველებმა, გ. სააკაძის მეთაურობით, მარტყოფთან გაანადგურეს (იხ. მარტყოფის ბრძოლა 1625). გაერთიანებული და გათავისუფლებული ქართლ-კახეთის მეფედ თეიმურაზ I გამოცხადდა. აბას I-ის მიერ გამოგზავნილ ახალ მრავალრიცხოვან ჯართან მარაბდის ბრძოლაში ქართლ-კახეთის გაერთ. ლაშქარი დამარცხდა, მაგრამ მტერმა მიზანს ვერ მიაღწია. მალე 1626 წელს, ბაზალეთის ბრძოლაში თეიმურაზმა დაამარცხა გ. სააკაძე და ქართლ-კახეთიდან განდევნა. აბას I-ის გარდაცვალების შემდეგ თეიმურაზი ირანს აუმხედრდა. ახალმა შაჰმა სეფი I-მა თეიმურაზის წინააღმდეგ როსტომი გაგზავნა, რ-მაც შეძლო თეიმურაზ I-ის განდევნა ქართლ-კახეთიდან. 1634 თეიმურაზ I-მა კვლავ დაიკავა კახეთი. 1639 მან საზეიმოდ მიიღო რუს. მეფის ერთგულების „ფიცის წიგნი“, 1648 შაჰის, აბას II-ის ბრძანებით როსტომმა ყიზილბაშთა ჯარით კახეთში ილაშქრა, დაამარცხა თეიმურაზ I და აიძულა იმერეთში გადახვეწილიყო. თეიმურაზმა რუსეთიდან დახმარების მიღების მიზნით 1652 მოსკოვში გაგზავნა თავისი შვილიშვილი ერეკლე დავითის ძე დედამისთან, ელენე დედოფალთან ერთად. აბას II-მ კახეთი სამართავად გადასცა განჯის ხანს. ისინი თურქმანთა ჩასასახლებლად მზადებას შეუდგნენ. ამ დიდ საფრთხეს კახეთის მოსახლეობა კარგად გრძნობდა. 1658 მოსკოვში ჩავიდა თეიმურაზ I. რუსეთი პოლონეთთან და შვედეთთან ომით იყო დაკავებული და საქართველოს დახმარება ვერ შეძლო. ამით ისარგებლეს სპარსელებმა და მალევე კახეთში თურქმანების 15000 ოჯახი ჩაასახლეს; კ. ს. 2 ნაწილად გაყვეს და სამართავად გადასცეს ყარაბაღის ბეგლარბეგსა და ნახჭევნის მმართველს. კახეთში იფეთქა მძლავრმა სახ. აჯანყებამ (იხ. კახეთის აჯანყება 1660), რ-ის შემდეგ სამეფო ერთიანად გაიწმინდა ჩასახლებული თურქმანებისაგან (იხ. ბახტრიონის ბრძოლა 1660). კახეთი ქართლის მეფე ვახტანგ V-მ დაიკავა. 1664 აბას II-მ კახეთი გადასცა ვახტანგ V-ის უფროს ვაჟს – არჩილს (იხ. არჩილ II). 1661-იდან თუშეთში იმყოფებოდა მოსკოვიდან ჩამოსული თეიმურაზის შვილიშვილი ერეკლე (იხ. ერეკლე I), რ-მაც რამდენჯემე სცადა კახეთის დაკავება, მაგრამ მამა-შვილთან (ვახტანგ V და არჩილ II) ბრძოლაში დამარცხდა და რუსეთში დაბრუნდა (1666). არჩილ II-მ დედაქალაქი თელავში გადაიტანა, განაახლა ეკლესიები, ააშენა მრავალი შენობა, სცადა ლეკიანობის ალაგმვა. ირანის შაჰმა სულეიმან I-მა არჩილ II-ს დაუპირისპირა ერეკლე ბატონიშვილი, რ-იც 1674 რუსეთიდან მოიწვია. არჩილი იმერეთში გადავიდა. შაჰმა ერეკლეს გამაჰმადიანება მოსთხოვა. 1677 კახეთის მმართველად (ჯანიშინად) დაინიშნა გამაჰმადიანებული გორჯასპი კახაბრიშვილი (იხ. ბეჟან-ხანი). 1688-იდან 1703-მდე კახეთს განჯის ხანები მართავდნენ. ამ პერიოდში კ. ს-ში მოიშალა ადგილ. მმართველობა, გაძლიერდა ლეკიანობა. დაღ. მთიელები მასიურად ჩასახლდნენ აღმ. კახეთის ტერიტორიაზე. ყოველივე ეს კახეთის მოსახლეობის თავდადებულ წინააღმდეგობას იწვევდა. 1703 შაჰი იძულებული გახდა კახეთში ხანების მმართველობა გაეუქმებინა და კვლავ ქართვ. მეფეთა ხელისუფლება აღედგინა.
შაჰმა კახეთის მეფედ ერეკლე I დაამტკიცა, რ-იც აქამდე (1688– 1703) ქართლს განაგებდა. შაჰმა იგი ირანში დაიტოვა, ხოლო კახეთში ჯანიშინად მისი უფროსი ვაჟიშვილი დავითი (იხ. დავით II) გაგზავნა. დავით II-ის (იმამყული-ხანი) მიერ გატარებული ღონისძიებების მიუხედავად ლეკიანობა კიდევ უფრო ძლიერდებოდა, ამასთან კახელი გლეხობა მასობრივად გადადიოდა ლეკების მხარეზე, რადგან მათთან „უბატონობას“ ეძებდა. ხშირად ხდებოდა გლეხთა აქტ. ანტიფეოდ. გამოსვლებიც (იხ. ბოდბისა და ბოდბისხევის გლეხთა აჯანყებანი 1699, 1711–16). 1722-იდან კახეთს განაგებდა დავითის ძმა კონსტანტინე II (მაჰმადყული-ხანი), რ-საც ირანის შაჰმა თბილისის დაკავება უბრძანა. 1723 კონსტანტინემ თბილისი დაიკავა, ამასობაში ქართლში ოსმალები შეიჭრნენ და კონსტანტინე II კახეთში დაბრუნდა. მან ოსმალთა აგრესიის წინააღმდეგ რუსეთიდან დახმარების მიღება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. კონსტანტინე II ოსმალებთან ბრძოლაში დამარცხდა თავდაპირველად ყაზახთან (1724), შემდეგ გუფასთან (1725) და ფშავში გაიხიზნა.
ამ ვითარებით ისარგებლეს ლეკებმა და განიზრახეს კახეთის მთლიანად დაკავება და გამაჰმადიანება. როდესაც ლეკებმა მოინდომეს კახელი გლეხების ყმადქცევა, მოსახლეობამ ისინი ქვეყნიდან გააძევა. მეფე კონსტანტინე II თელავში დაბრუნდა. ლეკთა წვრილ-წვრილი თარეში მაინც გრძელდებოდა. ამავე დროს მათ მტკიცედ მოიკიდეს ფეხი გაღმა მხარის კახეთის აღმ. ნაწილში. 1727 ოსმ. სულთანმა საგანგებო ფირმანით დაუმტკიცა ჭარელ ლეკებს მათ მიერ მიტაცებული კახური მიწა-წყალი. ასე ჩამოსცილდა კახეთს საბოლოოდ მისი აღმ. ნაწილი (საინგილო), სადაც ჭარბელაქნელი აღალარების სახელმწიფო ჩამოყალიბდა. კონსტანტინე II იძულებული გახდა ოსმალებს დაზავებოდა და ხარკი ეკისრა. კახეთის მოსახლ. ბრძოლას ოსმალებისა და ლეკების წინააღმდეგ სათავეში ჩაუდგა თეიმურაზ II. ეს მოძრაობა ირანის სარდალმა ნადირმა (თამაზ I ყული-ხანი) ქართლ-კახეთიდან ოსმალების გასაძევებლად გამოიყენა (1735), ხოლო თეიმურაზ II დააკავა და კახეთის მმართველად მისი ძმისწული, გამაჰმადიანებული ალექსანდრე ბატონიშვილი (დავითის ძე), დანიშნა. მალე თეიმურაზ II-მ თავი დააღწია ირანელთა ტყვეობას და აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. 1736 იგი ირანის დამსჯელი ჯარის სარდალმა, სეფი-ხანმა ვერაგულად დაატყვევა და ისპაანში გაგზავნა. ირანის შაჰმა ნადირმა თეიმურაზი კახეთის მმართველად დააბრუნა (1738), ხოლო ინდოეთში სალაშქროდ მისი ძე ერეკლე (შემდეგში ერეკლე II) იახლა. ნადირ-შაჰი იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო: 1742 მან კახეთი ხარკისაგან გაათავისუფლა და მხოლოდ 500-კაციანი ნოქრის (დაქირავებული ჯარი) გამოყვანა დაევალა. ქვეყანა შედარებით დამშვიდდა, მოსახლეობა მომრავლდა. კახეთისაკენ მასობრივად მიემართებოდნენ ქართლიდან აყრილი გლეხები. 1743 არაგვისხეველები ბეჟან ერისთავს აუჯანყდნენ და მოკლეს (იხ. არაგვის საერისთავოს გლეხთა აჯანყება 1742–46). მათ თავიანთ პატრონად თეიმურაზ II მიიწვიეს. ნადირ-შაჰმაც არაგვის საერისთავო კახეთის მეფეს დაუმტკიცა. 1744 თეიმურაზმა ქსნის ხეობაც დაიკავა. თეიმურაზი და ერეკლე აქტიურად დაეხმარნენ ნადირ-შაჰს ოსმალებისა და მათი მომხრე ქართლის თავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. აჩაბეთის ბრძოლაში 1744 ერეკლეს მეთაურობით კახელებმა დაამარცხეს ოსმალთა ჯარი, 1744 ივნისში ნადირ-შაჰმა თეიმურაზ II ქართლის, ხოლო ერეკლე II კახეთის მეფედ დანიშნა.
მე-3 პერიოდი კ. ს-ს ისტორიაში არის ქართლისა და კახეთის ფაქტობრივი გაერთიანების დასაწყისი. ქართლ-კახეთის ტახტზე ქრისტ. წესით ასული მამა-შვილი ერთობლივად მოქმედებდა როგორც საშინაო, ისე საგარეო ასპარეზზე. 1746 ერეკლე II-ს მოუხდა ქსნის, არაგვის და თრუსოს ხეობის მთიელების აჯანყების ჩახშობა. 1747 ქართლი და კახეთი აუჯანყდა ნადირ-შაჰს. საქართველოს მაგალითით აჯანყდნენ კავკ. სხვა ქვეყნებიც, შემდეგ კი – მთელი ირანიც. იმავე წელს ნადირ-შაჰი შეთქმულებმა მოკლეს და ირანი გაუთავებელმა არეულობამ მოიცვა. თეიმურაზის ირანში ყოფნის დროს ერეკლე II-მ დაამარცხა ქართლის ტახტის პრეტენდენტი აბდულა-ბეგი. თეიმურაზის დაბრუნების შემდეგ მამა-შვილი წარმატებით იბრძოდა ამიერკავკასიაში ჰეგემონობისათვის და ზედიზედ დაამარცხეს კავკასიაში გაბატონების მოსურნე ყიზილბაში ხანები (მაჰმად-ხანი, 1749; ფანა-ხანი, 1750). ამ გამარჯვებების შედეგად ქართლ-კახეთს დამორჩილდნენ ერევნის, ნახჭევანისა და განჯის სახანოები. დღის წესრიგში დადგა აღმ. კახეთის (ჭარ-ბელაქნისა და კაკ-ენისელის) დაბრუნების საკითხი. 1750 ერეკლე II-მ დაამარცხა პირაქეთა და დაღ. ლეკთა გაერთ. ჯარი, 1751 კი ქართლკახეთის ჯარი ქვეშევრდომ ხანთა დამხმარე ჯარებთან ერთად ჭარში შევიდა, მაგრამ ერეკლეთეიმურაზის ჯარი დამარცხდა (იხ. აგრის ბრძოლა 1751), რადგან მათ წინააღმდეგ გამოვიდა შაქის ხანი აჯი-ჩალაბი, თანაც ქართლკახელებს მაჰმადიანმა ხანებმა უღალატეს. 1752 ერეკლემ და თეიმურაზმა განჯის ბრძოლაში ისევ მაჰმადიანი ხანების ღალატის გამო მეორედ განიცადეს მარცხი აჯი-ჩალაბთან, თუმცა მამა-შვილმა ენერგიული ღონისძიებების შედეგად საბოლოოდ დაამარცხა იგი. აღმ. კახეთის შემოერთება მაინც ვერ მოხერხდა. 1752 ერეკლემ და თეიმურაზმა რუსეთში ელჩობა გაგზავნეს ათანასე თბილელისა და ს. მაყაშვილის მეთაურობით. ეს ელჩობაც უშედეგოდ დამთავრდა. ქართლ-კახეთის პოლიტ. მდგომარეობის გართულებით ისარგებლეს დაღ. ფეოდალებმა და წვრილ-წვრილ შემოსევებთან ერთად 2 დიდი ლაშქრობაც მოაწყვეს (მჭადიჯვრის ბრძოლა, 1754; ყვარლის ალყა, 1755), მაგრამ ისინი ერეკლემ ორივეჯერ სასტიკად დაამარცხა. ლეკიანობის აღსაკვეთად ქართლ-კახეთის სამეფო კარი არაერთ ღონისძიებას სახავდა, მაგრამ მხოლოდ საკუთარი ძალებით მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელი იყო. 1760 თეიმურაზ II პეტერბურგს გაემგზავრა დახმარების სათხოვნელად, მაგრამ რუსეთი მაშინ პრუსიასთან ომში იყო ჩაბმული და ქართველთა თხოვნის დაკმაყოფილება არ შეეძლო.
თეიმურაზ II-ის პეტერბურგში გარდაცვალების (1762) შემდეგ ერეკლე II-მ თავი ქართლ-კახეთის მეფედ გამოაცხადა. 1762 ქართლი და კახეთი ერთ სამეფოდ გაერთიანდა.
ლიტ.: ა ბ ა შ ი ძ ე ზ., ბ ა ხ ტ ა ძ ე მ., ჯ ა ნ ე ლ ი ძ ე ო., საქართველო და ქართველები, თბ., 2015; ა ს ა თ ი ა ნ ი ნ., ბახტრიონის გმირული ეპოპეის 300 წლისთავის გამო, «მნათობი», 1959, №8; მ ი ს ი ვ ე, საადგილმამულო ურთიერთობისა და სათავადოების არსებობის საკითხისათვის XVI–XVIII სს. კახეთის სამეფოში, «თსუ შრომები», 1959, ტ. 77; მ ი ს ი ვ ე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან (კახეთის სამეფოს წარმოქმნის საკითხისათვის), იქვე, 1963, ტ. 78; ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., აღმოსავლეთ კახეთის წარსულიდან, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 3, თბ., 1966; მ ი ს ი ვ ე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI–XVII საუკუნეთა მიჯნაზე, იქვე, წგ. 4, თბ., 1967; მ ი ს ი ვ ე, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. 6, თბ., 1973; პ ა პ უ ა შ ვ ი ლ ი თ., ჭარ-ბელაქანი, თბ., 1972; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; ტ ყ ა ვ ა შ ვ ი ლ ი მ., კახეთის სამეფოს ურთიერთობა საშამხლოსთან და „ფიცის წიგნი", «კლიო», 2007, № 27; ცინცაძე ი., ძიებანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (X–XVI სს.), თბ., 1956; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 4, თბ., 1967.
ნ. ასათიანი