კაჭარავა ალექსანდრე (სანდრო) პეტრეს ძე (19. V. 1940, გორი, – 9. X. 2017, თბილისი), პიანისტი, მუსიკალურ ღონისძიებათა ორგანიზატორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1982). 1966 დაამთავრა თბილისის სახელმწ. კონსერვატორია (ფორტეპიანოს განხრით, პედ. – რ. ასტახიშვილი). 1966–70 გორის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი იყო. 1970 დააარსა გორის გოგონათა გუნდი (შ. მოსიძესთან ერთად; ამჟამად „გორის სამუსიკო სასწავლებლის ქალთა კამერული გუნდი"), რ-იც მსოფლიო საგუნდო შედევრებთან ერთად ქართველი კომპოზიტორების არაერთი ნაწარმოების პირველი შემსრულებელი და პროპაგანდისტია. 1979 კ-მ დააარსა გორის საოპერო სტუდია (მის დაარსებაში დიდი წვლილი მიუძღვის რ. ტაკიძეს). ამ სტუდიაში დაიდგა (1990–94) ქ. გლიუკის „ორფევსი", ვ. ა. მოცარტის „ბასტიენი და ბასტიენა", კ. ორფის „ჭკვიანი ქალი", ო. თაქთაქიშვილის „ნიშნობა" (მუსუსი), ვ. გოკიელის „წითელქუდა", შ. მილორავას „ძუნწი", ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე" და სხვ. 1986 კ-მ გორში საფუძველი ჩაუყარა საგუნდო მუსიკის საერთაშ. ფესტივალს (1986, 1990, 1996). 2003 გოგონათა გუნდმა ანსამბლ „რუსთავთან" ერთად კონცერტი გამართა ლონდონის საგუნდო ფესტივალზე „როიალ-ჰოლში", გასტროლებით შემოიარა სსრკ და სხვ. ქვეყნები. 2009-იდან გუნდის ხელმძღვანელია თ. ცირამუა. კ-ს ინიციატივით დაარსდა ხელოვნების მუშაკთა დასასვენებელი სახლი ატენის ხეობის სოფ. ბობნევში.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996).
ბ. ბარამიძე