კასრი

კასრი, ისტორიული პუნქტი შუა საუკუნეების აღმ. ­სა­ქარ­თვე­ლო­ში. წყაროებში პირველად იხსენიება აღმ. კა­ხეთ­ში (ჰერეთში) ერისმთავარ არჩილის მოღვაწეობასთან დაკავშირებით (VIII ს.). შემდგომში არჩილმა კ. უბოძა ერთ-ერთ კლარჯ მთავარს. კ-ის ეკლესია [ნანგრევები შემორჩენილია დაბა კახის (აზერბ. რესპ.) ტერიტორიაზე] იხსენიება 1310. შესაძლებელია კ. კახის უძველესი სა­ხელწოდება იყოს.

კ. იხსენიება ჯუანშერის (XI ს.) თხზულებაში ჩართულ VIII ს. ანონიმ ავტორთან და დაკავშირებულია ერისმთავარ არჩილის მოღვაწეობასთან: „მოვიდა არჩილ კახეთად და ყოველთა ტაძრეულთა მისთა მიუბოძა კახეთი და აზნა­ურნი ყვნა იგინი .... და დაჯდა წუქეთს და აღაშენა კასრი" (ქც 1:243,14, 15). მდებარეობდა დაბა კახის (აზერბაიჯანი) ტერიტორიაზე.

კ. არქეოლოგიურად შეუსწავლელია. ნანგრევების სახით შემორჩენილა კასრის წმ. სამების ეკლესია, რ-იც მოიხსენიება მაღალა­შვი­ლისეული ოთხთავის 1310 წ. მინაწერში. აღნიშნული მინაწერი წარმოადგენს ქურმუხის მთავარეპისკოპოსის, კირილე დონაურის ანდერძს. მასში და­ცუ­ლია ცნობა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქს, ექვთიმეს, XIV ს. I ნახში სხვა ეკლესია-მო­ნასტრებთან ერთად მოუნა­ხულებია კასრის წმ. სამების ტაძა­რიც. დარბაზული ტიპის ტაძა­რი ნაგები ყოფილა შირიმისა და რიყის კვადრებითა და ფლეთილი ქვით. შემორჩენილია 1,5 მ სიმაღლის კედლები და ნახევარწრიული აფსიდა. ტაძრის მიახლოებითი ზომებია 8×6 მ, კედლის სისქე – 80 სმ. ეკლესიის ჩრდ. კედელში შემორჩენილია თაღი, რ-იც შესაძლოა საძვალე ყოფილიყო. ტაძრის სამხრ.-აღმით, 1,5 მ-ზე შეჭრილი ყოფილა აკლდამის მსგავსი ქვის ვიწრო ნაგებობა. აკლდამა გაძარცულია. ეკლესია 1912 განუახლებია საინგილოში მოღვაწე მღვდელ მ. ყულოშვილს.

წყარო: ქარ­თლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., ეტიუდები ძველი ქარ­თული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1945; პ ა პ უ ა შ ვ ი ლ ი  თ., საინგილოს ისტორიის ნარკვევები, თბ., 2008; ჭ ი ლ ა შ ვ ი ლ ი  ლ., კახეთის ქალაქები (XIV–XVII სს.), თბ., 1980; ჯ ა ნ ა შ ვ ი ლ ი  მ., საქართველოს მოკლე ისტორია, ტფ., 1884.

დ. მუსხელი­შვი­ლი